მარქსი კარლ ჰენრიხ (5. V. 1818, ტრირი, პრუსია, გერმანიის კონფედერაცია, – 18. III. 1883, ლონდონი, დაკრძალულია ჰაიგეიტის სასაფლაოზე), გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, პოლიტიკური თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. მ-მა 1835 დაამთავრა ტრირის გიმნაზია. სწავლობდა ბონისა და ბერლინის უნ-ტებში. ახალგაზრდობის წლებში უფრო ლიტერატურით იყო გატაცებული, შემდგომში ფილოსოფიით დაინტერესდა. 1841 იენის უნ-ტმა მიანიჭა ფილოს. დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის „განსხვავება დემოკრიტესა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“. ამ წლებში იყო „ახალგაზრდა ჰეგელიანელი“. 1842 გახდა კელნში გამომავალი რადიკალური გამოცემა „რაინის გაზეთის“ (Rheinische Zeitung) ჟურნალისტი, შემდგომ – რედაქტორი. გაზეთის აკრძალვის შემდეგ, 1843, საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც თანარედაქტორობდა გაზ. „გერმანულ-ფრანგულ წელიწდეულს“ (გამოვიდა ერთი ნომერი).
1844 გაიცნო გერმ. სოციალისტი ფ. ენგელსი, რ-იც გახდა მისი უახლოესი მეგობარი, თანამოაზრე და თანამებრძოლი. 1845 მათ გამოაქვეყნეს პირველი ერთობლივი ნაშრომი „წმინდა ოჯახი ანუ კრიტიკული კრიტიკის კრიტიკა ბრუნო ბაუერისა და კომპანიის წინააღმდეგ.“ 1845 საფრანგეთიდან გააძევეს და ბრიუსელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ენგელსთან ერთად დაწერა ნაშრომი „გერმანული იდეოლოგია“, რ-შიც გაკრიტიკებული იყო ჰეგელის ობიექტური იდეალიზმი, მემარცხენე ჰეგელიანობა და ფოიერბახის მჭვრეტელობითი მატერიალიზმი. 1847 პარიზში, გამოქვეყნდა მ-ის ნაშრომი „ფილოსოფიის სიღატაკე“, რ-შიც გაკრიტიკებული იყო ჟ. პრუდონის ანარქისტულ-სოც. შეხედულებები. მ-ის აზრით, მუშათა კლასის მობილიზაციისათვის საჭირო იყო მისი ინტერსების გამომხატველი იდეოლოგია, რათა მას რევ. გზით შეეცვალა ექსპლუატატორული საზ. სისტემა. 1847 მ-მა და ენგელსმა „კომუნისტთა კავშირის“ II კონგრესის დავალებით, შეიმუშავეს მუშათა პარტიის საპროგრამო დოკუმენტი, რ-იც 1848 „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ სახელწოდებით გამოქვეყნდა პარიზში.
1859 გამოაქვეყნა ნაშრომი „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“. ამ პერიოდიდან მ. ძირითადად ინტერესდება პოლიტ. ეკონომიის ძირეული პრობლემებით და ინტენსიურად მუშაობს თავის უმთავრეს ფუნდამენტურ ნაშრომზე – „კაპიტალი“. მისი I ტომი 1867 გამოიცა გერმ. ენაზე (II და III ტომების შავი ვარიანტები დაამუშავა და გამოსცა ენგელსმა). „კაპიტალი“ ითვლება მარქსიზმის მთავარ ნაწარმოებად, რ-შიც ავტორმა დაასაბუთა, რომ კაპიტალიზმი უნდა ყოფილიყო უკანასკნელი ექსპლუატატორული ეკონ. ფორმაცია, რ-საც კანონზომიერად შეცვლიდა კომუნისტური ფორმაცია.
მ-ის მიერ შექმნილმა პოლიტ. ეკონ. სოციალ. და რევოლუციურმა იდეებმა შექმნა მძლავრი მიმართულება სოციალისტურ მოძრაობაში, რ-იც მარქსიზმის სახელითაა ცნობილი. მ-ის ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ევრ. და მსოფლიოს ინტელექტუალურ, პოლიტ., იდეოლოგიურ და სოც. რეალობაზე. მარქსიზმმა ძირითადად ორი მიმართულებით განიცადა ევოლუცია. ევროპაში გავრცელდა მარქსიზმის პარლამენტური, ევოლუციური ვარიანტი ევრომარქსიზმის სახით. რუსეთსა და აზია-აფრიკა-ამერიკის ბევრ ქვეყანაში დამკვიდრდა მარქსიზმის რევ. ვერსია და მიიღო სხვადასხვა ფორმის სახელმწ. დიქტატურის სახე: საბჭოთა კავშირში ეს იყო მარქსიზმ-ლენინიზმი და სტალინიზმი; ჩინეთში დღესაც სახელმწ. იდეოლოგიად და სისტემად რჩება მარქსიზმის აზიური ვერსია – მაოიზმი.
საქართველოში მარქსიზმი XIX–XX სს. მიჯნაზე გავრცელდა და დამკვიდრდა როგორც ყველაზე პოპულარული რევ. იდეოლოგია. 1892 შეიქმნა პირველი ქართული მარქსისტული (სოციალ-დემოკრატიული) ორგანიზაცია „მესამე დასი“. 1902–18 ქართული სოციალ-დემოკრ. ოგანიზაციები შედიოდა რუსეთის სოციალ-დემოკრ. მუშათა პარტიის შემადგენლობაში. 1917–18 ქართველი სოციალ-დემოკრატები მეთაურობდნენ დე ფაქტო და დე იურე ამიერკავკასიის დამოუკიდებელ ფედერაციულ რესპუბლიკას. 1918 მათ, სხვა პოლიტ. პარტიებთან ერთად, გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა და შექმნეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრ. მოდელის რესპუბლიკა, რ-იც 1921 დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა.
თხზ.: მარქსი კ. და ენგელსი ფ., რჩეული ნაწერები ორ ტომად თბ., 1963–1964.
ლიტ.: კაჭარავა ი., კ. მარქსი და ფ. ენგელსი საქართველოს შესახებ, თბ., 1969; მუჩაიძე გ., კ. მარქსი და ფ. ენგელსი პარტიის შესახებ, თბ., 1975; შველიძე დ., მარქსიზმის კრიტიკა ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომებში, თბ., 1997.
დ. შველიძე