მარღანია ვლადიმერ ჭიჭიკოს ძე (8. II. 1928, სოფ. დრანდა, ახლანდ. გულრიფშის მუნიციპალიტეტი, – 6. IX. 1958, სოფ. აძუბჟა, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (ფეხბურთი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1952). მ. ითვლება იმ დროის ერთ-ერთ უძლიერეს მეკარედ. სხვადასხვა დროს იცავდა სოხუმის „დინამოს“, „სტალინოს“ (1961-იდან დონეცკი) „შახტიორის“, თბილ. „დინამოსა“ და საბჭ. კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. გამოირჩეოდა სანიმუშო რეაქციითა და ეფექტური ნახტომებით. თბილისის „დინამოში“ ასპარეზობისას (1947–58) ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 212 შეხვედრა. სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე (1951, 1953) და ერთგზის მესამე (1950) პრიზიორი. სამჯერ დასახელდა სსრკ-ის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის (1950–51, 1953). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1956). ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების მონაწილე სსრკ ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.