მარღანია (მაან) კაც ბეჟანის ძე (1766, სოფ. ხაბიუ, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, – 26. I. 1864/66, გუდაუთა), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1844). იყო აფხაზ მაანთა თავადაზნაურული გვარის წარმომადგენელი და მჭიდროდ იყო დაკავშირებული აფხ. მთავრების – ჩაჩბების (შერვაშიძე) ოჯახთან. მ. თავდაპირველად მხარს უჭერდა ასლან-ბეის რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ როცა ალექსანდრე I-ის ბრძანებით აფხ. მთავრად დასვეს საფარ-ბეი (გიორგი II, 1810–21), მ-ს მამის აღზრდილი, იგი გადავიდა საფარ-ბეის (ე. ი. რუსების) მხარეს და გახდა ფაქტობრივად მეორე კაცი სამთავროში. ეს მდგომარეობა მან შეინარჩუნა მ. შერვაშიძის მმართველობის (1822–64) დროსაც. იყო აფხაზეთის მილიციის მეთაური. მონაწილეობდა რუს. ექსპედიციებში უბიხეთისა და წებელდის წინააღმდეგ. ყირიმის ომის (1853–56) დროს მ. გადავიდა ოსმ. ჯარების მხარეს და დაინიშნა სამურზაყანოს ფაშალიკის მმართველად. რუსეთის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ (1864) მ. დასახლდა გუდაუთაში, სადაც ააგო მეჩეთი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე