მარღანია მალაქია (ყარამან) კვაჯის ძე (29. XII. 1859, სოფ. გუდავა, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, – 1937, მოსკოვთან), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). 1879-იდან მსახურობდა თურქმენეთის ცხენოსან მილიციაში. მონაწილეობდა 1879, 1880, 1881 და 1884 კამპანიებში თურქესტანში; იყო თურქმენეთის ცხენოსანი ირეგულარული დივიზიონის (1899–1908), დაღესტნის ცხენოსანთა პოლკის (1910-იდან), კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის მე-2 ბრიგადის (1913–15), კავკასიის მე-3 კაზაკთა დივიზიის I ბრიგადის (1915–17) მეთაური. რუსეთის 1917 რევოლუციის შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში. 1937 ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე