მარშლიანთ სასახლე

მარშლიანთ სასახლე. XIX ს. 30-იანი წლები 

მარშლიანთ სასახლე, თარხნიშვილების სასახლე, ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფ. გარიყულაში (ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი), აგებულია XIX ს. 30-იან წლებში. კომპლექსში შედის სასახლე და აბანო. გეგმით მართკუთხა ორსართულიანი სასახლის პირველი სართული ნაგებია რიყის ქვით, მეორე – აგურით. მთ. შესასვლელი ჩრდ-იდანაა. ამ მხარეს, პირველ სართულზე, შენობის შუა ნაწილში თაღებით გახსნილი ლოჯიაა, რ-შიც გვერდითი ოთახებისა და დიდი დარბაზის კარები გამოდის. დარბაზის ირგვლივ შედარებით მცირე ზომის შვიდი ოთახია. რამდენიმე ოთახის კედლებში დატანებულია ბრტყელი ნიშები და თაღოვანი ბუხრები. აღმ-ის შუა ოთახში მე-2 სართულზე ასასვლელი სამმარშიანი კიბეა. მე-2 სართულს ლითონის სვეტებზე დაყრდნობილი გვიანდ. რკინა-ბეტონის აივანი უვლის გარშემო. საზეიმო დარბაზი კედლის შვერილებზე დაყრდნობილი თაღით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. ამ სართულზეც კედლებში ბრტყელი ნიშები და ბუხრებია. ინტერიერი შემკული იყო მოხატულობით, ნაძერწი მორთულობით, მდიდრული აბრეშუმის შპალერით. ჩრდ. და სამხრ. ფასადები ორივე სართულზე ბრტყელი პილასტრებით სამ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდ. ფასადის I სართულის შუა ნაწილი ლოჯიის თაღედს უჭირავს, გვერდით ნაწილებში სამ-სამი ვიწრო სარკმელია. სასახლის ჩრდ-ით დგას აგურით ნაგები აბანო, რ-იც შედგება გეგმით კვადრ. გუმბათოვანი ორი სათავსისაგან – გასახდელისა და სააბაზანოსაგან. სათავსები ერთმანეთს კარით უკავშირდება. ორივე ოთახის კედლებზე თაღები გადადის, გუმბათის ყელის გადასვლა კი ხდება აგურის აფრების მეშვეობით. 1965-იდან თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემია სასახლეს თავის შემოქმედებით ბაზად იყენებდა. რამდენიმე გადაკეთებისა და შეკეთების შედეგად სასახლემ და აბანომ პირვანდელი სახე იცვალა. თავდაპირველი სახით შემორჩა საზეიმო ოთახის ჭერი, კედლები მოხატულობის ნაშთებით და თაბაშირის სტალაქტიტებით მორთული ფრიზი. 2000 სასახლე თარხნიშვილების შთამომავლებს დაუბრუნდათ. 2018–19 ძეგლზე ჩატარდა სპეც. სამუშაოები მხატვრობის ფრაგმენტების შესანარჩუნებლად.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.

თ. გერსამია