მარცვლოვანნი (Poaceae, ანუ Gramineae), ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ერთწლოვანი, ორწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქისებრი ან ხისმაგვარი მცენარეებია. მ-თა ღერო ჩალისებრია, უმეტესად ცილინდრული სწორმდგომი, წამოწეული ან გართხმული; დაყოფილია მუხლებად და მუხლთშორისებად, ჩვეულებრივ ღრუიანია (ქარის დროს მ-თა წვრილი ღრუ ღერო იღუნება და არ იმტვრევა), იშვიათად ამოვსებულია ფაშარი ქსოვილით; მათი სიმაღლე 1 სმ-იდან ათეულ მ-ს აღწევს, ზოგიერთისა კი (ბამბუკის გახევებული ღერო) – 40 მ-ს. ფოთლები ღეროს მუხლიდან გამოდის. როგორც წესი, შედგება ღერომხვევი ხალთის (ვაგინის), ვიწროხაზური ფირფიტისა და ქერქლისებრი ენაკისგან, რ-იც ამოზრდილია ფირფიტისა და ხალთის საზღვარზე. ფესვები ფუნჯაა. პირველადი ფესვები ადრევე სცილდება. ზოგ მ-ს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, ზოგს კი – ნიადაგში ღრმად ჩაზრდილი (1–1,5 მ და მეტი). მ-თა ყვავილები პატარაა, ორსქესიანი, იშვიათად – ერთსქესიანი. შეკრებილია მარტივ ყვავილებად – თავთუნებად, რ-ებიც, თავის მხრივ, თავმოყრილია რთულ ყვავილებად (რთული თავთავი, საგველა, თავთავისებური საგველა, ცრუ თავთავი და სხვ.).
მ. ჯვარედინმტვერია მცენარეებია, ზოგს თვითდამტვერვა ახასიათებს, ნაყოფი მარცვალა ან კენკრისებრია (ბამბუკისა), თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს ენდოსპერმს. მ-თა უმეტესობას ღეროს ქვედა ნაწილში მუხლები ძლიერ მიახლოებული აქვს და ე. წ. ბარტყობის მუხლს ქმნის, რ-ის კვირტებიდანაც ამოიზრდება ხოლმე ახ. მიწისზედა ყლორტები, მათგან კი – ახ. ბარტყობის მუხლები. აქედან გამოსული ყლორტები ან ამოხევენ ხალთას (ხალთის გარე ყლორტები), ან ხალთაშივე იზრდებიან (ხალთის შიგა ყლორტები). ყლორტების წარმოშობის მიხედვით არსებობს გრძელფესურიანი (ან ფესურიანი), მეჩხერბუჩქოვანი და მკვრივბუჩქოვანი (მკვრივკორდოვანი) მარცვლოვნები.
მ. ფარულთესლოვანთა ერთ-ერთი დიდი ოჯახია. განეკუთვნება კილებსაფრიანების რიგს (Glumiflorae). შეიცავს 620-ზე მეტი გვარის 1000-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში არქტიკიდან ანტარქტიდამდე.
საქართველოში მ-თა 100-მდე გვარის 330 სახეობა გვხვდება. მ. თითქმის ყველგან არის გავრცელებული. ხშირად დიდ ტერიტორიას იკავებს, განსაკუთრებით მდელოს, ველის (სტეპის), პრერიის, პამპისა და სავანის ბალახნარში. მ. ეკონ. თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ოჯახია; მათ განეკუთვნება კულტ. პურეული მცენარეები: ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, შვრია, ჭვავი, ქერი, ქვრიმა, ღომი, სორგო, აგრეთვე შაქრის ლერწამი და სხვ. ველური და კულტივირებული მ. სას.-სამ. ცხოველთა ერთ-ერთი ძირითადი საკვებია. ზოგიერთ მ-ს იყენებენ საჭმელად, სახამებლის, სპირტის, ქაღალდისა და ეთერზეთების მისაღებად, ზოგს – საშენ მასალად, ლიქიორისა და არყის წარმოებაში, სამკურნ. და დეკორ. მცენარედ, ზოგს – ფხვიერი ნიადაგებისა და ქვიშების გასამაგრებლად; ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ფესურიანი მ. (ჭანგა, გლერტა, თივაქასრა, ნამიკრეფია და სხვ.). ძლიერი ფესვთა სისტემის გამო მ. გამოიყენება ეროზიის საწინააღმდეგოდაც, იგივე მცენარეები კარგია აეროდრომის, იპოდრომის, სტადიონისა და კორტების გაზონების მოსაწყობად. ზოგი მ. აბეზარი, ძნელად მოსასპობი სარეველაა. ასეთია ვირჯინული ურო, ლაკარტია, ჭანგა, გლერტა, შვრიუკა და სხვ.
შ. ნახუცრიშვილი