„მარხვანი“, ქრისტიანული საღვთისმსახურო წიგნი, რ-იც შეიცავს საეკლესიო წელიწადის მოძრავი პერიოდის – დიდი მარხვისთვის დაწესებულ საგალობლებს. მ-ის ბერძნული რედაქცია, რ-იც ქართ. ღვთისმსახურებაში იყო დამკვიდრებული, უკავშირდება კონსტანტინოპოლის სტუდიონის მონასტრის ჰიმნოგრაფიულ სკოლას და მიეწერება თეოდორე სტუდიელს (IX ს.), თუმცა მასში შესულია საბაწმიდელ ჰიმნოდთა – ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის, კოზმა მგალობლის – საგალობლები. საქართველოში მ. XI ს-ში გაჩნდა; მისი თარგმნა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელთან არის დაკავშირებული. ღვთისმსახურების განვითარების ადრეულ ეტაპზე დიდმარხვის საგალობლები თავდაპირველად შედიოდა ქართ. ლექციონარში, შემდეგ – ძვ. და ახ. რედაქციის იადგარებში. მ-ის, როგორც საგალობელთა კრებულის, სპეციფიკა ის არის, რომ სადა (ჩვეულებრივი) დღეებისათვის მასში შეტანილია მხოლოდ 3 გალობისაგან შემდგარი კანონები, ანუ ხვედრნი, რის გამოც კრებულს ტრიოდიონსაც უწოდებენ. XV–XVI სს-ში ქართულად ითარგმნა მ-ის იერუსალიმური რედაქცია. XVIII ს-ში მ. შესწორდა სლავური თარგმანის მიხედვით (დაიბეჭდა 1741).
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მარხვანი 2 ტომად, (წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია) თბ., 2022; ხაჩიძე ლ., ქართული მარხვანი და ბიზანტიური ჰიმნოგრაფია, წგ.: ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორიიდან, თბ., 2000; Карабинов И., Постная триодь, СПб., 1910.
ლ. ხევსურიანი