მარხილი, სახმელეთო უბორბლო საზიდი საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, რ-იც ურმის დანიშნულებას ასრულებს. ბარში მ. თოვლზე სატარებლად იხმარებოდა, მთაში კი – წლის ყველა დროს იყენებდნენ და ძირითად სამეურნეო ტრანსპორტს წარმოადგენდა. იგი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ა) 2 ფეხი, ანუ კავი (ტოტები – თუშეთი, ღო – მთიულეთი), ბ) მარხილის ტანი (ნერჩი – ფშავი, კვატუში – ლეჩხუმი), გ) 2 ხელნა; დამოუკიდებელი ნაწილია უღელი. გამწევ ძალად უპირატესად ხარებს იყენებდნენ. მ-ს აკეთებდნენ თელის, იფნის, წიფლის, ნაძვის და სხვ. ხისაგან. იყო საგანგებო დანიშნულების მ-ებიც, მაგ., ქვის საზიდი მ. – თურში (აღმ. საქართველოს მთა), მძიმე ქვევრების გადასატანი მ. – თუში (იმერეთი), მინდვრად პატივის გასატანი გოდორმარხილი – ჯინი, შეშის ან მცირე ტვირთის საზიდი მ. – ლეკმარხილი. შიდა სამეურნეო მსუბუქი საქმეებისათვის იხმარებოდა ხელმარხილიც. ზოგან გამწევ ძალად ცალ საქონელსაც აბამდნენ, ასეთ საზიდს მარტუღელა ეწოდებოდა. კონსტრ. თავისებურებით გამოირჩეოდა მთიდან ძნისა და თივის ჩამოსაზიდი მ. (სვანური მ., მესხური სელი, აჭარული ხიზეკი და სხვ.).
ქართულ წერილობით წყაროებში მ-ის ერთ-ერთ სახეობად მოხსენიებულია ნალო, რ-იც თოვლში გამოსაყენებელი, ადამიანთა ჩასასხდომი უთვლო ეტლი ყოფილა. თანამედროვე ეთნოგრ. სინამდვილეში ნალო ამ მნიშვნელობით აღარ გვხვდება. წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე მანჯიკი – მომცრო მ. და ციგა. მთაში მ. ტვირთის საზომ ერთეულადაც იხმარებოდა – მ. თივა, მ. შეშა და სხვ. მ-ზე ტვირთის დასამაგრებლად იყენებდნენ ღვლეჭის (ალაჭა – რაჭა), ანდა ორკაპა შინდის ხეს. მის დამზადებას ორი დღე სჭირდებოდა და XX ს. დამდეგისათვის ორი კოდი ქერი ღირდა.
საქართვ. ვერტიკალური ზონალობის ბუნებრივ-სამეურნეო პირობებში, კერძოდ, მთისა და ბარის გარდამავალ ზოლში ისტორიულად ჩამოყალიბდა შერეული ტიპის საზიდი საშუალებანი, რ-ებშიც კარგად არის შეხამებული თრევა-სრიალისა და გორვის სამოძრაო პრინციპი. ამგვარი საზიდი ნახევრად მ-ს და ნახევრად ურემს წარმოადგენს (აჩაჩა ურემი, ბოლოთრია, სელი). მ-ის ტიპის საზიდი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხისათვის არის ცნობილი. მ-ს დღემდე შემორჩა პრაქტ. მნიშვნელობა ჩრდ. მხარეებში, სადაც გამწევ ძალად ძაღლებსა და ირმებს იყენებენ (ნარტები).
ლიტ.: გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, თბ., 1956; დავითიძე ა., სატრანსპორტო საშუალებათა დამზადების ხალხური წესები ზემო აჭარაში, „აჭარის ასსრ სახელმწ. მუზეუმის შრომები“, 1972, ტ. 7; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011.
მ. გეგეშიძე