მარჯანიშვილი კოტე ალექსანდრეს ძე

კ. მარჯანიშვილი

მარჯანიშვილი კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე [28.V (9.VI.), 1872, სოფ. ყვარელი, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, – 17. IV. 1933, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში], რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1931). თბილ. პირველ გიმნაზიაში სწავლის დროს ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1884 მ-ის დებიუტი შედგა ქუთაისის დრამ. დასში (ხელმძღვ. კ. მესხი), იმავე წლის 24 ნოემბერს კი – თბილისში (შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის „პატარა კახში“). რუსეთში გამგზავრების შემდეგ (1897) როგორც მსახიობი მოღვაწეობდა სხვადასხვა ქალაქის თეატრებში. 1900–01 ვიატკაში დადგა ა. ჩეხოვის „ძია ვანია“. 1904–05 და 1905–06 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამ. დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა მ. გორკის პიესა „მოაგარაკენი“. მ. რეჟისორად მუშაობდა ხარკოვის (1906–07), კიევის (1907–08), ოდესის (1908–09), მოსკ. კ. ნეზლობინის (1909-იდან) თეატრებში. ა. სუმბათაშვილთან ერთად აქტ. დახმარებას უწევდა ქართვ. რეჟისორებს: ვ. შალიკაშვილს, ა. წუწუნავასა და ვ. მჭედლიშვილს, რ-ებიც მოსკ. სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. იქვე მონაწილეობდა ქართ. დრამ. სტუდიის შექმნაში. 1910–13 მოსკ. სამხატვრო თეატრში დადგა კ. ჰამსუნის „ცხოვრების ბრჭყალებში“ (1911), ჰ. იბსენის „პერ გიუნტი“ (1912); მონაწილეობა მიიღო თ. დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ (1910) და გ. კრეგის ცნობილი მოსკოვური „ჰამლეტის“ დადგმაში. 1913 მ-მა მოსკოვში დააარსა „თავისუფალი თეატრი“, სადაც თეატრ. რუტინას დაუპირისპირა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რ-იც გამოვიდოდა ოპერაში, ოპერეტაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913–14) იარსება. მ-მა აქ დადგა: მ. მუსორგსკის ოპერა „სოროჩინცის ბაზრობა“, ჟ. ოფენბახის ოპერეტა „მშვენიერი ელენე“, შნიცნელ-დონანის პანტომიმა „პიერეტას საბურველი“ და სხვ.; ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914–15), „ბუფის“ (1916–17) და მინიატიურების თეატრს (1917–18) პეტროგრადში; 1919 კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა ლოპე დე ვეგას დრამა „ცხვრის წყარო“; 1920 პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი. მ. ოქტ. რევოლუციის შემდეგ ნ. ოხლოპკოვთან ერთად რეჟისორობდა მასობრივ სახალხო წარმოდგენებს პეტროგრადში („განთავისუფლებული შრომის მისტერია“, „მსოფლიო კომუნისაკენ“, „ზამთრის სასახლის აღება“, 1918–21).

კ. მ ა რ ჯ ა ნ ი შ ვ ი ლ ი. კადრი ფილმიდან
"ამოკი". მსახიობები: ნ. ვაჩნაძე
– ევროპელი ქალი, ა. იმედაშვილი
ექიმი. 1927.

1922 მ. საქართველოში დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართ. პროფ. თეატრის განვითარების პროცესს. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლით (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“) ცხადი გახდა მ-ის რეჟისურის მაღალი პროფ. ოსტატობისა და ესთეტ. ღირებულების პოტენციური გავლენა ქართ. სათეატრო ხელოვნებაზე. 1926-მდე იგი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს, სადაც დადგა ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1923), გ. ერისთავის „გაყრა“ (1923), ჟ. მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“ (1924; მ. ქორელთან ერთად), უ. შექსპირის „უინძორელი ცელქი ქალები“ (1924), „ჰამლეტი“ (1925) და სხვ. 1928 დააარსა ქუთაის-ბათუმის თეატრი, რ-ის პირველი წარმოდგენა იყო ე. ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“. თეატრი ორი სეზონის შემდეგ მეორე სახელმწ. თეატრის სახელწოდებით თბილისში გადმოვიდა და ბინა დაიდო ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლში. ამ თეატრს მ. გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა. ეს იყო პირველი თეატრი, რ-მაც მოსკოვსა და ხარკოვში გასტროლებზე (1930) ქართულ თეატრს აღიარება მოუტანა. მ-ს მიერ აქ დადგმული სპექტაკლებია: ბ. შოუს „წმინდა ქალწული“ (1928), შ. დადიანის „კაკალ გულში“ (1928), კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ (1929, მ-ის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი, რ-იც შემდგომ წლებში არაერთხელ აღადგინეს), პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1929), კ. კალაძის „სახლი მტკვრის პირას“ (1931), ა. აფინოგენოვის „შიში“ (1932), უ. შექსპირის „ოტელო“ (1932), ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1933) და სხვ.

1924–28 მ. მოღვაწეობდა ქართ. კინოში, სადაც გადაიღო ფილმები: „ქარიშხლის წინ“ (1926), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1924), „ამოკი“ (1927), „კრაზანა“ (1928), „კომუნარის ჩიბუხი“ (1929) და სხვ.; თბილ. ოპერის თეატრში დადგა რ. ვაგნერის „ლოენგრინი“ (1924), დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1923), ზ. ფალიაშვილის „დაისი“ (1924), ჯ. როსინის „ვილჰელმ ტელი“ (1931) და სხვ. ცხოვრების უკანასკნელ წლებში დადგა ფ. შილერის „დონ კარლოსი“ (1933; მოსკ. მცირე თეატრი), ი. შტრაუსის ოპერეტა „ღამურა“ (1933; მოსკ. ოპერეტის თეატრის სადგური).

მ-ის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მისი სახ. პრემია. არის მისი სახელობის ქუჩა, მოედანი, მეტრო.

მ-ის სახელი მინიჭებული აქვს ყვარლის სახ. თეატრს და მწვერვალს. იხ. მარჯანიშვილის მწვერვალი. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლიტ.გუგუშვილი ე., კოტე მარჯანიშვილი, თბ., 1972; კოტე მარჯანიშვილი: ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, თბ., 1961; კოტე მარჯანიშვილი, ალბომი, თბ., 1972;  კოტე მარჯანიშვილი: შემოქმედებითი მემკვიდრეობა, თბ., 1972; კოტე მარჯანიშვილი: უნიკალური საარქივო მასალები, თბ., 2013; კასრაძე ო., კოტე მარჯანიშვილი, თბ., 1978; Гугушвили Э., Джанелидзе Д., Грузинский государственный драматический театр им К. А. Марджанишвили, Тб., 1958; К р ы ж и ц к и й Г. К., К. А., Марджанов, М.- Л., 1946.

გ. ბუხნიკაშვილი