მარჯანიშვილის თეატრი, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. დაარსდა 1928 წ. 3 ნოემბერს ქუთაისში, თავდაპირველად ქუთაის-ბათუმის სახელმწ. თეატრად იწოდებოდა; 1930 გადმოვიდა თბილისში და მეორე სახელმწ. ქართ. აკადემიური დრამის თეატრის სახელწოდებით ბინა დაიდო ზუბალაშვილების სახალხო სახლში, სადაც დღემდე ფუნქციონირებს. 1933 მიენიჭა თეატრის დამაარსებლის, რეჟისორ კ. მარჯანიშვილის სახელი.
თეატრის დაარსებაში მონაწილეობდნენ: ვ. ანჯაფარიძე, თ. ჭავჭავაძე, უ. ჩხეიძე, ა. ჟორჟოლიანი, შ. ღამბაშიძე, ს. ზაქარიაძე, ე. და ი. დონაურები და სხვ. მათ შეუერთდნენ ქართ. სცენის გამოცდილი ოსტატები: ა. იმედაშვილი, ნ. გოცირიძე, ე. ჩერქეზიშვილი, ტ. აბაშიძე, ი. ზარდალიშვილი და სხვ. კ. მარჯანიშვილს მხარში ედგნენ ახალგაზრდა რეჟისორები: დ. ანთაძე, გ. სულიაშვილი, ვ. აბაშიძე. თეატრის ირგვლივ გაერთიანდნენ მწერლები: შ. დადიანი, პ. კაკაბაძე, ი. გრიშაშვილი, ს. ჩიქოვანი, ს. ამაღლობელი, კ. კალაძე და სხვ.; მხატვრები: პ. ოცხელი, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი; კომპოზიტორები: თ. ვახვახიშვილი, კ. მეღვინეთუხუცესი, ა. ბალანჩივაძე; ქორეოგრაფი დ. მაჭავარიანი; კრიტიკოსი ბ. ჟღენტი და სხვა თეატრ. მოღვაწეები. პირველივე სეზონზე (1928–29) შეიქმნა საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლები (ე. ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, შ. დადიანის „კაკალ გულში“, კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, კ. კალაძის „როგორ“ და სხვ.), მომდევნო სეზონში თეატრს შეემატნენ მსახიობები: ს. თაყაიშვილი, ვ. გოძიაშვილი, პ. კობახიძე, გ. შავგულიძე, ა. ომიაძე, ა. გომელაური და სხვ.
თეატრის თბილისში დაფუძნებას წინ უძღოდა წარმატებული გასტროლი დედაქალაქის ოპერისა და ბალეტის თეატრში, შემდეგ, ხარკოვსა და მოსკოვში. ეს იყო ქართ. თეატრის პირველი საგასტროლო ვიზიტი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. 30-იან წლებში რეპერტუარს შეემატა დადგმები: უ. შექსპირის „ოტელო“ (1932), ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“(1933), პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“ (1937), შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“ (1937), პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ (1938) და სხვ.
II მსოფლიო ომის წლებში თეატრში იდგმებოდა: ლ. გოთუას „მეფე ერეკლე“ (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), კ. სიმონოვის „მელოდე“ (რეჟ. ვ. ყუშიტაშვილი), მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“ (რეჟ. შ. ღამბაშიძე) და სხვ.
XX ს. 40-იანი წლების მეორე ნახევარსა და 50-იან წლებში თეატრში მოვიდნენ: მ. ჯაფარიძე, ე. ყიფშიძე, მ. თბილელი, ნ. ჩხეიძე, თ. თეთრაძე, თ. სხირტლაძე, ი. ტრიპოლსკი, კ. მახარაძე, ზ. ლაფერაძე და სხვ. 70–80-იანი წლების თეატრის წამყვან შემოქმედებით ძალას წარმოადგენდნენ: ო. მეღვინეთუხუცესი, ს. ჭიაურელი, ი. უჩანეიშვილი, თ. არჩვაძე, ლ. ანთაძე, ნ. მგალობლიშვილი, გ. ბერიკაშვილი, თ. მაისურაძე და სხვ. თეატრში სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდნენ მხატვრები: თ. აბაკელია, ვ. სიდამონ-ერისთავი, ს. ვირსალაძე, ი. სუმბათაშვილი, ფ. ლაპიაშვილი, მ. მალაზონია, გ. გუნია, გ. მესხიშვილი, ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე და სხვ. მსახიობთა მდიდარ შესაძლებლობებს ეყრდნობოდა რეჟისურა შემდეგ სპექტაკლებში: მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“ (1949), ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“ (1950, ორივეს რეჟ. ა. ჩხარტიშვილი), ი. გალანის „სიყვარულის გარიჟრაჟზე“ (1954, რეჟ. ლ. იოსელიანი), ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1960) და „მე ვხედავ მზეს“ (1962, ორივეს რეჟ. გ. ლორთქიფანიძე) და სხვ.
თეატრი თავიდანვე ხელს უწყობდა ქართ. დრამატურგიის განვითარებას. იდგმებოდა ქართ. პიესები და ქართ. კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების ინსცენირება. მ. შ.: დ. შენგელაიას „თეთრები“ (1929, რეჟ. კ. მარჯანიშვილი), შ. დადიანის მიერ ე. ნინოშვილისა და ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებებზე შექმნილი „ნინოშვილის გურია“ (1934, რეჟ. დ. ანთაძე), უ. ჩხეიძის „გიორგი სააკაძე“ (1940), ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (1946, ორივეს რეჟ. ვ. ყუშიტაშვილი), მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (1974, რეჟ-ები დ. ალექსიძე, ნ. გაჩავა) და სხვ.
თეატრის ისტორია მდიდარია კლასიკური რეპერტუარით, დაიდგა ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ (რეჟ. გ. ჟურული, 1934), ვ. ჰიუგოს „რუი ბლაზი“ (რეჟ. ვ. ყუშიტაშვილი, 1941), უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, 1949), ნ. გოგოლის „რევიზორი“ (რეჟ. ა. თაყაიშვილი, 1951), ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი“, უ. შექსპირის „რიჩარდ III“ (რეჟ. ვ. ყუშიტაშვილი, 1955–57), ევრიპიდეს „მედეა“ (რეჟ. ა. ჩხარტიშვილი, 1962), ფ. შილერის „დონ კარლოსი“, სოფოკლეს „ანტიგონე“ (ორივეს რეჟ. დ. ალექსიძე, 1971), სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1978) და სხვ.
კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ რამდენიმე ათეული წელი განაგრძობდა სიცოცხლეს და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ვ. ანჯაფარიძის (ივდითი), უ. ჩხეიძის (ურიელი), შ. ღამბაშიძის (დე სილვა), ა. ჟორჟოლიანის (ბენ აკიბა) თუ სხვათა სასცენო ტრადიციები. აღნიშნული სპექტაკლი აღადგინეს 5-ჯერ (1950, 1972, 1992, 2006).
70–80-იან წლებში თეატრში მოვიდა მსახიობთა ახალი თაობა: მ. ჯანაშია, მ. ჩიქვინიძე, გ. ჩუგუაშვილი, ა. მესაბლიშვილი, ა. მიქაძე, მ. ტატიშვილი, გ. ბურჯანაძე, მ. გომიაშვილი, ნ. ხომასურიძე, რ. ჩხიკვიშვილი და სხვ.
თეატრი თავისი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ იყო გასტროლზე რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში. 1980-იდან თეატრი მონაწილეობს ევრ. ფესტივალებში – იტალიაში („ოიდიპოს მეფე“, 1980), გდრ-ში („ოტელო“, 1984), გაერთიანებულ სამეფოში („მეფე ლირი“, 1998; „ანტიგონე“, 2001; ედინბურგის ფესტივალი) და სხვ.
სხვადასხვა დროს მ. თ-ში სპექტაკლებს დგამდნენ რეჟისორები: ა. თაყაიშვილი, ბ. გამრეკელი, თ. შატბერაშვილი, ა. ქუთათელაძე, გ. ლაღიძე, რ. ჭიაურელი, ი. კაკულია, ს. მრევლიშვილი, შ. ქარუხნიშვილი, თ. მაღალაშვილი, თ. კანდინაშვილი, თ. წეროძე, მ. თუმანიშვილი, მ. გიჟიმყრელი, კ. სურმავა, გ. მაცხონაშვილი. თეატრს სათავეში ედგნენ: კ. მარჯანიშვილი (1928–33, სამხატვრო ხელმძღვ.),
უ. ჩხეიძე (1933–34, სამხატვრო ხელმძღვ.), დ. ანთაძე (1934–36, დირექტორი), შ. ღამბაშიძე (1936–48, სამხატვრო ხელმძღვ.), ა. ჩხარტიშვილი (1948–57, 1962–64, მთ. რეჟისორი), ვ. ანჯაფარიძე (1957–59, სამხატვრო ხელმძღვ. და დირექტორი), ა. დვალიშვილი (1959–62, 1967–68, დირექტორი), გ. ლორთქიფანიძე (1964–67, 1975–80, მთ. რეჟისორი), ლ. მირცხულავა (1968–70, მთ. რეჟისორი), დ. ალექსიძე (1970–73, მთ. რეჟისორი), რ. თვარაძე (1973–75, დირექტორი), გ. კანდელაკი (1987–2006, დირექტორი).
1980–96 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თ. ჩხეიძე, ხოლო 1998–2006 – ო. მეღვინეთუხუცესი. ამ პერიოდში წარმატებით დაიდგა ლ. როსებას „პროვინციული ამბავი“ (რეჟ. მ. კუჭუხიძე), გ. რობაქიძის „გრაალის მცველნი“ (რეჟ. დ. ანდღულაძე), უ. შექსპირის „ოტელო“, ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, ა. სტრინდბერგის „მამა“, ჟ. ანუის „ანტიგონე“, ი. რიზას „არტ ხელოვნება“ (რეჟ. თ. ჩხეიძე), მ. ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (რეჟ. მ. კუჭუხიძე, სპექტაკლმა სპეციალური მიწვევით იმოგზაურა იაპონიაში), უ. შექსპირის „მეფე ლირი“ (რეჟ. დ. დოიაშვილი) და სხვ.
2006-იდან თეატრის მმართველია ე. მაზმიშვილი (2012-იდან – დირექტორი), სამხატვრო ხელმძღვანელი – ლ. წულაძე. დაიდგა: უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, გ. ქართველიშვილის „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, კ. მიტანის „ჟოლო“, უ. შექსპირის „ჰამლეტი“ (რეჟ. ლ. წულაძე), ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, მოლიერის „ძალად ექიმი“ (რეჟ. გ. ჟორდანია), მ. ბულგაკოვის „მორფი“ (რეჟ. ზ. სიხარულიძე), ა. გარნეის „სასიყვარულო ბარათები“, ჟ. გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“ (რეჟ. თ. ჩხეიძე), „კრეიცერის სონატა“ (ლ. ტოლსტოის მიხედვით, რეჟ-ები: ლ. წულაძე, თ. კუპრავა) და სხვ.
თეატრს აქვს სამი სცენა. დიდი სცენის გარდა სპექტაკლები იდგმება „სხვენში“ (2007-იდან) და „ახალ სცენაზე“ (2013-იდან).
ბოლო ათი წლის განმავლობაში თეატრი მონაწილეობდა საერთაშ. ფესტივალებში: შავი ზღვის საერთაშ. თეატრ. ფესტივალი (თურქეთი); შექსპირის ფესტივალი „მსოფლიო გლობუსი“ (დიდი ბრიტანეთი); რანგა შანკარასა (ინდოეთი) და სიბიუს საერთაშ. (რუმინეთი) ფესტივალები; ფესტივალი ვიე მოდენა (იტალია); კამერი თეატრისა (ისრაელი) და სერვანტესის საერთაშ. ფესტივალები (მექსიკა) და სხვ.
კ. ნინიკაშვილი