მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი თბილისისა, მნიშვნელოვანი რგოლი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემაში. დაარსდა 1975. ინ-ტი ემსახურებოდა დედაქალაქის სკოლის დირექტორებს, სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებსა და ბიბლიოთეკარებს. ფინანსდებოდა თბილ. მერიის მიერ და ექვემდებარებოდა ქალაქის განათლების სამმართველოს.
1997 რეორგანიზაციის შემდეგ ეწოდა თბილ. მასწავლებელთა დახელოვნებისა და მეთოდური უზრუნველყოფის ინ-ტი. ზოგადი განათლების სისტემაში ინ-ტის შემადგენლობა პირველად დაკომპლექტდა კონკურსის წესით. შეიქმნა საგნობრივი მეთოდური ლაბორატორიები, ასევე ლაბორატორიები სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის მართვის მიმართულებით; განახლდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები; ინ-ტი ჩაერთო იმჟამად განათლების სისტემაში მიმდინარე არაერთ საინტერესო პროგრამაში („წერა და კითხვა კრიტიკული აზროვნებისათვის“, „აქტიური სწავლა-სწავლების მეთოდების დანერგვა საქართველოს სკოლებში“, „ადრეული ასაკის ბავშვის მოვლა და აღზრდა,“ „ნაბიჯ-ნაბიჯ“, „ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების დანერგვა სკოლებში“ და სხვ). ინ-ტი მჭიდროდ თანამშრომლობდა აშშ-ის საბჭოებთან, UNISEF-თან, ორგანიზაცია „ღია საზოგადოება – საქართველოსთან“. ამ უკანასკნელის მიერ გამოცხადებუ-ლი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მან შეასრულა ორი პროექტი: „მასწავლებელ ფასილიტატორების მომზადების პროგრამა“ და „ფსიქოლოგია სკოლას“; ასევე ხორციელდებოდა „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის სადედაქალაქო პროგრამა“, რ-ის ფარგლებშიც არაერთ ნიჭიერ მოსწავლეს დაენიშნა სტიპენდია, ჩატარდა ნორჩ დიზაინერთა და გამომგონებელთა კონკურსი, ფუნქციონირებდა საკვირაო სკოლა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის.
ინ-ტის მთავარი მიმართულება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება იყო. გრძელვადიან თუ მოკლევადიან კურსებს სხვადასხვა საგნობრივი თუ ზოგადი მეთოდიკის მიმართულებით წელიწადში 7 ათასზე მეტი მასწავლებელი გადიოდა.
ინ-ტის პირველი დირექტორი იყო ა. ელიზბარაშვილი, შემდეგ 20 წლის განმავლობაში ინ-ტს ხელმძღვანელობდა დ. თოდუა, ხოლო 1997–2006 – მ. ინასარიძე. ინ-ტმა ფუნქციონირება შეწყვიტა 2006.
მ. ინასარიძე