მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური რესპუბლიკური ინსტიტუტი, ყოფილი საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი. დაარსდა 1929. ინ-ტის მიზანი იყო განათლების მუშაკთა პროფ. განვითარება და სხვადასხვა სპეციალობის უმაღლესი განათლების მქონე პირთა გადამზადება პედაგოგებად. ინ-ტში ფუნქციონირებდა პედ. და ფსიქოლ., მათ., ფიზ. და ინფორმატიკის, უცხო ენების, ქიმია-ბიოლ., ქართ. ენისა და ლიტ-რის, ისტ., სკოლამდელი და დაწყებითი განათლების კათედრები, აგრეთვე – თანამედროვე პედ. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის ლაბორატორია, სამოქალაქო განათლების ცენტრი; ტარდებოდა ლექციები, სემინარები და პრაქტ. მეცადინეობები, ტრენინგკურსები პედაგოგებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის მუშაკებისთვის, თემის ლიდერებისთვის და სხვ.; მზადდებოდა და გამოიცემოდა მოსწავლეთა სასწავლო მასალები, მასწავლებელთა სახელმძღვანელოები, დამხმარე მეთოდური ლიტ-რა, ტესტები და სხვ. საქართვ. განათლების სისტემის რეფორმირებისთვის აუცილებელი ინოვაციური პროგრამების განახორციელებლად ინ-ტი წარმატებით თანამშრომლობდა არასამთავრობო საგანმან. და დონორ ორგანიზაციებთან, ფონდებთან (გაეროს ბავშვთა ფონდი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, გლობალური ფონდი და სხვ.). ინ-ტს საქართვ. დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, ზუგდიდი, ცხინვალი, გორი, თელავი) ჰქონდა ფილიალები. იგი უშუალოდ ექვემდებარებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
ინ-ტის მიზანი იყო 5 წელიწადში ერთხელ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მზადყოფნა ახ. პედ. და საგანმან. გამოწვევებისათვის. ამ სისტემით სარგებლობდა საქართვ. ყველა მოქმედი მასწავლებელი. არსებობდა კვალიფიკაციის ამაღლების ხანმოკლე (1–2 კვირა) და ხანგრძლივი (1–2 თვე), ასევე პროფ. გადამზადების (მონათესავე ან მომიჯნავე პროფესიის დაუფლება; ერთი ან ორი წელი) კურსები. შესაბამისი დიპლომით კი კურსდამთავრებულს ეძლეოდა სკოლაში მუშაობის უფლება.
ინ-ტის უშუალო ორგანიზებით XX ს. 90-იანი წლების ბოლოს ჩატარდა საქართვ. მასწავლებელთა სრული და ყოვლისმომცველი ატესტაცია, რ-ის შემდეგაც მასწავლებლები 4 კატეგორიად დაიყვნენ შესაბამისი ანაზღაურებით.
ინ-ტის კუთვნილ გამომცემლობაში მომზადდა და გამოიცა არაერთი საგანმან. დანიშნულების პუბლიკაცია.
ინ-ტის მემკვიდრე არის მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნ. ცენტრი.
გ. მურღულია