მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (სსიპ), დაარსდა 2006 და ექვემდებარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ცენტრის მიზანია მასწავლებლის პროფ. ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მასწავლებელთათვის მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება, მასწავლებლის სტატუსის ამაღლების გზით სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ცენტრს მართავს დირექტორი, რ-საც ექვემდებარება 6 სამსახური, 7 პროგრამა და 16 ქვეპროგრამა.
ცენტრის საინფორმაციო-საგანმან. პროგრამის ფარგლებში 2008–22 გამოიცა 50-ზე მეტი წიგნი, სახელმძღვანელო და ჟურნალი.
მ. პ. გ. ე. ც. საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი სტრატეგიული რგოლია და პასუხისმგებელია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მუდმივი განვითარების ხელშეწყობასა და კარიერული წინსვლის მოტივირებაზე. განვითარების ყველა ეტაპზე ცენტრი პედაგოგებს სთავაზობს სხვადასხვა პროექტს, პროგრამასა და აქტივობას; მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან და წამყვან საერთაშ. ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს არაერთ პროექტს, რითაც პასუხობს განათლების სისტემაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.
ევროკომისიის პროგრამის eTwinning+ ფარგლებში, ცენტრი ჩართულია ევროპულ სკოლათა გაერთიანების ქსელში. მას ევროსაბჭოში ჰყავს საბჭოს მიერ არჩეული წარმომადგენელი, რ-იც აქტიურად მუშაობს ცენტრის ინიციატივებზე საერთაშ. საგანმან. პროექტებში.
ტრენინგების, ვებინარებისა და პროფ. რესურსების გარდა, ცენტრი საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლებს და მოსწავლეებს სთავაზობს ტექნოლ. პროექტებს, რ-ებიც თბილისთან ერთად უკვე საქართვ. რეგიონების სკოლებსაც მოიცავს.
ცენტრი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულ პედაგოგს წარადგენს გლობალურ ჯილდოზე, ხოლო წარმატებულ დირექტორებს და პედაგოგებს აძლევს საშუალებას, აიმაღლონ კვალიფიკაცია ტრენინგებითა და სასწავლო ვიზიტებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ცენტრისთვის პრიორიტეტულია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა.
ცენტრი აქტიურად მუშაობს ქართვ. ემიგრანტებისთვის საგანმან. რესურსების შექმნაზე და წარმატებით თანამშრომლობს ქართულ დიასპორასთან. ცენტრის მიერ შეთავაზებული სახელმწ. ენის დისტანციური სწავლების პროექტში ჩართულია 38 ქვეყნის 820 მოსწავლე და 33 მასწავლებელი. ქვეპროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში საქართვ. სკოლებში მუშაობენ უცხოელი პედაგოგები, რ-ებიც შესაბამის უცხო ენას ასწავლიან.
ცენტრი პედაგოგებისთვის ქმნის ერთიან საგანმან. პლატფორმას –„განათლების E-სახლი“, რ-ის საშუალებითაც ერთ სივრცეში (ვებ-გვერდზე) გაერთიანებული ცენტრის ყველა პროფ. რესურსი და სერვისი მათ უქმნის საკუთარ ვირტუალურ სამუშაო სივრცეს ყველა დაგეგმილი აქტივობის განსახორციელებლად, რაც მათ პორტფოლიოში ავტომატურად აისახება.
მ. პ. გ. ე. ც. უწყვეტ კომუნიკაციაშია საზ-ბასთან და იცავს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს.
ბ. შუკაკიძე