მატაბელი ქეთევან გივის ასული (დ. 28. II. 1953, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2013). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. ფერწერის ფაკ-ტი (1978). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1978-იდან. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტსა (1981–95) და სამხატვრო აკადემიაში (2015-იდან). ნამუშევრები: ფერწერული სერიები – „ძველი თბილისი“ (1984), „ბიბლიური პეიზაჟი“ (1995); აბსტრაქციების სერია (1978–98); გრაფიკული სერიები – შოთა რუსთაველის, „ვეფხისტყაოსანი“ (1981, 2009, 2012, 2014), მ. ბულგაკოვის, „ოსტატი და მარგარიტა“ (1978–79); მხატვრულად გააფორმა მ. მეტერლინკის „ტრაგედიები“ (1978–79), ბიბლიური მოტივები (1990–91), „აღმოსავლური მოტივი“ (1995), ალმანახი „ეროვნული ღირსებისათვის“ (2001), ა. კალანდაძისა და მ. დავითაშვილის ალბომი „თბილისური ჩანახატები“ (2019) და სხვ. გაფორმებული აქვს ტელესპექტაკლი „რაინერ მარია რილკეს პოეზია“ (რეჟ. მ. სურმავა, 1994); ქუთ. დრამ. თეატრის სპექტაკლი „დონ ქრისტეფორე დე კასტელის ალბომი“ (რეჟ-ები ნ. გაგნიძე, ა. ბაქრაძე, 1995); რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე – ა. მორუას „აქ მატარებლებს თეთრად ათოვს“ (რეჟ. მ. სურმავა, 1996).
მ-ის გამოფენები გაიმართა: ტალინში (1984), პალერმოში (1986), თბილისში (ქართული სახვითი ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა, „მხატვრის სახლი“; 1987); ნიუ-იორკში (1990), ამსტერდამში (1993), ბაქოში (1995), მოსკოვში („არტ მანეჟი“; 1997); გერმანიაში („არტ მესე“; 1999, 2003, 2004); ლონდონში („არტ სალონი“; 2002); პარიზში (2003, 2014), ვენაში (2005), თბილისში (2005, 2020), თელ-ავივში (2015), ვარშავასა (2015) და სხვ.; პერსონალური გამოფენები გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმში (1983), თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (2022) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია: დ. შევარდნაძის სახ. საქართვ., ეროვნ. გალერეაში, საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. 2014-იდან ხელმძღვანელობს თავისივე შექმნილ ხელოვნების პროექტს „ჩვენ ვქმნით და ვხედავთ ჩვენი თითებით“ (ინკლუზიური ხელოვნ. ლაბორატორია უსინათლო პირებისათვის). არის თბილ. საპატიო მოქალაქე (2013).
თ. გერსამია