მატარაძე (ფსევდ. ჩელთისპირელი) ვახტანგ ვიქტორის ძე (27. VII. 1908, თბილისი, – 8. XII. 1982, იქვე), მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1968). სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო ფოთის თეატრში (1924). 1932-მდე მუშაობდა თბილ. წითელი არმიის, ჭიათურის მუშათა, სიღნაღისა და ველისციხის თეატრებში. 1933-იდან თელავის თეატრის მსახიობია, 1943–46 – დირექტორი და დამდგმელი რეჟისორი. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კლავდიუსი (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), დე-სანტოსი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ოსმან-აღა (დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“), სევასტი (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ავეტიკა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ანანია (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“) და სხვ. თელავის თეატრის სცენაზე დადგა სპექტაკლები: გ. მდივნის „ბრმა“ (1932), ა. ცაგარლის „ხანუმა“ (1933), კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“ (1941), გ. ნახუცრიშვილის „აჩაკუნე“ (1942), დ. ერისთავის „სამშობლო“ (1943), ა. შირვანზადეს „პატიოსნებისთვის“ (1945) და სხვ.
მ-ის სცენური სახეები გამოირჩეოდა განცდის სიმართლესთან შერწყმული თეატრ. პათეტიკით, ხოლო რეალიზმი იყო მხატვრული ხერხი, რ-საც იყენებდა სარეჟისორო საქმიანობისას.