მატარაძე ვიქტორ ნიკოლოზის ძე (20. V. 1888, თელავი, – 25. VII. 1953, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1934). სწავლობდა თბილ. სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ – სათავადაზნაურო გიმნაზიაში, თუმცა სწავლის კურსი ვერ დაასრულა. 1901 მუშაობდა ასოთამწყობად გაზეთ „კვალის“ რედაქციაში. 1902 მონაწილეობა მიიღო ვ. გუნიას მიერ მოწყობილ დამწყებ მსახიობთა გამოსაცდელ წარმოდგენაში და წარმატების შემდეგ ჩაირიცხა თბილ. ქართ. დრამ. საზ-ბის დასში (1902), სადაც მუშაობდა 1921-მდე. შემდეგ იყო ქუთაისის (1921–25), თბილ. მსახიობთა ამხანაგობის დასის (1925–26), ბათუმის (1926–29), სოხუმის (1929–31), ჭიათურის (1932–33) თეატრების, შემდეგ კი სახკინმრეწვის (1933–35) მსახიობი. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სიღნაღის თეატრი (1931–32 -– დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვ.). 1935–46 ხელმძღვანელობდა თბილ. ფილარმონიის მსახიობთა მხატვრულ კოლექტივს. სხვადასხვა დროს მ-ის შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ანტონიუსი (უ. შექსპირის „იულიუს კეისარი“), დე სანტოსი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), გიგო (ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“), გივი (ა. წერეთლის „პატარა კახი“), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას „და-ძმა“), პრეზიდენტი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვ.