მატერიალიზმი, მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც მატერიალურს უპირატესობა ენიჭება იდეალურის, გონისმიერისა და სულიერის წინაშე. აქედან გამომდინარე, მატერიალისტები იდეალური და სულისმიერი პროცესების მატერიალურ პროცესებზე რედუცირებას ახდენენ და სამყაროს თაურსაწყისად მატერიას, ნივთიერ საწყისს მიიჩნევენ. მ-ის საპირისპირო მსოფლმხედველობად იდეალიზმი მიიჩნევა.
წინასოკრატელი ფილოსოფოსები სამყაროსა და სინამდვილის თაურწყაროდ ნივთიერ საწყისს მიიჩნევდნენ: თალესთან ასეთი საწყისი წყალია, ანაქსიმენთან – ჰაერი, ჰერაკლიტესთან – ცეცხლი და ა. შ. მაშასადამე, აქ მთელი სინამდვილის წყარო ნივთიერი საწყისია, რ-იც ცოცხალი და გასულიერებულია. ამგვარად ჩაეყარა საფუძველი ჰილოძოიზმს, ფილოს. მიმართულებას, რ-ის მიხედვითაც მთელი სამყარო ცოცხალი მთლიანობაა. ასე რომ, იონიელი ბუნების ფილოსოფოსები ჰილოძოისტები იყვნენ. მიუხედავად ამისა, იონიელი მოაზროვნეები, მატერიალისტებად ვერ ჩაითვლებიან. მ-ის ისტორიაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრიტესა და ლევკიპეს ატომისტური მსოფლმხედველობა, რ-ის თანახმად განუყოფელი ატომები, მათი შეკავშირება და დაშლა ქმნის სამყაროს არსსა და არსებობას. დემოკრიტეს ატომიზმი კიდევ უფრო განავითარა ეპიკურემ და მას ანთროპოლ.-ეთიკური დატვირთვა შესძინა: ნივთიერი არის გრძნობადი, კონკრეტული, რ-იც მხიარული, სიამოვნების მომგვრელი ცხოვრების წესის განმსაზღვრელია.
მ-ის განვითარება განაპირობა ახალი დროის საბუნებისმეტყველო მეთოდების (დაკვირვება, ექსპერიმენტი, ინდუქცია და ა. შ.) სრულყოფამ. აქ მატერია და მატერ. საგნები მასისა და მოძრაობის ცნებათა მეშვეობითაა დახასიათებული. მატერ. სამყარო მათ.-გეომ. მეთოდებით შეიძლება გავზომოთ, მისი არსი კი ექსპერიმენტების მეშვეობით უნდა ავხსნათ. მიუხედავად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შემუშავებული და განვითარებული თანამედროვე ექსპერ. მეთოდოლოგიისა, ვერ ვიტყვით, რომ ახალი დროის მეცნიერების მოდელი მატერიალ. იყო, რადგან აქ მატერ. სამყაროს ასახსნელად გრძნობადი საგნებისგან აბსტრაქცია (განყენება, მაშასადამე, „იდეალიზება“) ხდებოდა და არა მეცნიერულ შინაარსთა მატერ. არსებულებზე დაყვანა და რედუცირება („მატერიალიზება“). განსაკუთრებული როლი მ-ის განვითარების ისტორიაში მაინც ფრანგულმა განმანათლებლობამ (პ. ჰოლბახი, დ. დიდრო, კ. ჰელვეციუსი) შეასრულა, რ-ის ერთ-ერთი მყარი საფუძველი სამყაროს მატერიალ. ხედვა იყო. ფრანგული მ-ის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელია ჟ. ლამეტრი (1709–51), რ-ის მთავარ ნაშრომში „ადამიანი მანქანა“ (1748) სამყაროს მატერიალ. ხედვა თვალსაჩინოდ არის ნაჩვენები. ფრანგული მ-ის იდეები გავრცელდა გერმ. აზროვნებაში (კ. ფოგტი, ი. მოლეშოტი, ლ. ბიუხნერი და სხვ). გერმ. მ-ის წამყვანი ფიგურა ლ. ფოიერბახი (1804–72) გახდა, რ-მაც ანთროპოლ. მ-ის კონცეფცია განავითარა და მატერ. არსებები სხეულებრივ-გრძნობად არსებებად გაიგო. კ. მარქსმა (1818–83) XIX ს-ში (განსაკუთრებით, ფოიერბახის) მ-ისა და ჰეგელის დიალექტ. მეთოდის დაკავშირებით შექმნა ისტ. მ-ის კონცეფცია, რ-ის მთავარი მიზანი ისტორიის ადეკვატური გაგება იყო. მისთვის ისტორია წარმოების პროცესია, რის შედეგადაც ცნობიერების ისტ. ფორმათა წარმოებით ურთიერთობებზე დაყვანის გზით ისტორიის საზრისის გაშიფვრა ხდებოდა. ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, ხოლო საზ-ბის განვითარების პროცესი კლასობრივი ბრძოლის ასპარეზად არის ქცეული. შესაბამისად, მარქსი გამოყოფს საზ. ყოფნის შემდეგ ფორმებს: პირველყოფილს, მონათმფლობელურს, ფეოდალურსა და კაპიტალის-ტურს. ყველა ამ საზ. ფორმაციის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ურთიერთმიმართებას წარმოების ძალებსა და წარმოების საშუალებებს შორის. ჰეგელსა და მარქსზე დაყრდნობით ფ. ენგელსმა (1820–95) განავითარა დიალექტ. მ-ის კონცეფცია, რ-ის მიხედვისთაც დიალექტიკის კანონებს არა მარტო ისტორიასა და საზ-ბაში, არამედ ბუნებაშიც ქმედითი ძალა აქვთ. ენგელსმა ბუნებისა და საზ-ბის არსებობის სამი უნივერს. კანონი გამოკვეთა: რაოდენობიდან თვისებრიობაში გადასვლის, დაპირისპირებულთა ერთიანობისა და უარყოფის უარყოფის კანონები. დიალექტ. მ. ისტორიულ მ-თან ერთად ვ. ლენინმა (1870–1924) და ი. სტალინმა (1878–1953) სახელმწ. დოქტრინის რანგში აიყვანეს, რაც საფუძვლად დაედო „საბჭოთა მარქსიზმს“, ე.წ. „მარქსიზმ-ლენინიზმს“, რ-იც საბჭ. კავშირის ოფიციალურ პოლიტ. იდეოლოგიას წარმოადგენდა.
საქართველოში მ-ის კვლევა ქრისტიანული აზროვნების წიაღში წარმოიშვა და თვითმყოფადი სახე სწორედ ქრისტიანობაში პოვა. მისთვის უცხო იყო ევრ. ფილოს. აზროვნების ამა თუ იმ ეტაპზე არსებული მძაფრი ბრძოლა მ-სა და იდეალიზმს შორის. უფრო მეტიც, აქ წარმმართველი იყო ჰარმონიისა და თავსებადობის პრინციპი, რ-ის მიხედვითაც (უფრო მეტად) ფილოს. სისტემებსა და მოძღვრებებში არსებულ მსგავსებებს ექცეოდა ყურადღება, ვიდრე მათ შორის არსებულ მკვეთრ განსხვავებებს. მაშასადამე, ჰარმონიისა და თავსებადობის პრინციპი ქართ. ფილოს. წარმმართველ პრინციპთაგანია. აქედან გამომდინარე, ქართ. ფილოს. აზრის წარმოდგენა და გადმოცემა „მატერიალიზმისა და იდეალიზმის დაპირისპირების ჭრილში“ თუნდაც ამიტომ არ არის მართებული. ამდენად, ქართ. ფილოს. ისტორიოგრაფიისთვის საბედისწერო აღმოჩნდა საბჭოთა მარქსისტულ-ლენინურ ფილოს. ლიტ-რაში ფილოსოფიის უმდიდრესი ისტორიის მკაცრად დამკვიდრებული დაყოფა მხოლოდ „მატერიალისტურად“ და „იდეალისტურად“, რადგან ეს ადეკვატურად ვერ ასახავს ქართ. თეორიული აზროვნების ხასიათსა და თავისებურებას. XX ს-ში შექმნილი ქართ. ფილოს. ისტორიები სწორედ ამ კონცეპტუალური ქარგით არის აგებული, რადგან მათი საფუძველია ამ პერიოდშივე შექმნილი მატერიალ.-ფილოს. მსოფლმხედველობა. მაშასადამე, ამ პერიოდში შექმნილ გამოკვლევებს მკვეთრად ეტყობა მატერიალ. ფილოს. ისტორიოგრაფიის კვალი, რ-იც ისტ. სისტემური მიდგომით გამოირჩევა და ერთი „ჭეშმარიტი“ (ამ შემთხვევაში – მარქსისტული) ფილოს. სისტემის კონტექსტში აფასებს საკაცობრიო ფილოს. აზროვნების მიღწევებს.
პირველად სწორედ XX ს. ქართულ ფილოსოფიაში გვხვდება საინტერესო მცდელობები მ-ის კვლევისა და მატერიალ. ფილოს. განვითარების კუთხით. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამოკვლევები ეკუთვნის მ. გოგიბერიძეს, რ-იც დიალექტ. და ისტ. მ-ის აქტ. საკითხებს იკვლევდა. მ-ის ისტ.-სისტემური თემატიკის განხილვას ეძღვნება მისი ნაშრომი „მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე“ (1928). გამოკვლევაში განხილულია XVIII ს. ფრანგული მ., მისი ისტ.-იდეოლ. წანამძღვრები და მთავარ წარმომადგენელთა მოძღვრებები; აქვე დახასიათებულია მატერიალ. ნატურფილოსოფიის ძირითადი პრინციპები და ნაჩვენებია გზა მექანიკური მ-იდან დიალექტიკურ მ-მდე. მ. გოგიბერიძისავე ნაშრომში („ლენინი როგორც ფილოსოფოსი“; ტფ., 1930) ვ. ლენინის ფილოს. განვითარების გზებისა და წყაროების ანალიზთან ერთად განხილულია მატერიალ. გნოსეოლოგიისა და ჭეშმარიტების მატერიალ. თეორიის პრობლემები.
მ-ისა და იდეალიზმის ცალმხრივობათა გადალახვა-დაძლევა დაისახა მიზნად შ. ნუცუბიძემ, რ-მაც ეს პროგრამა განსაკუთრებით შთამბეჭდავად თავის ალეთოლოგიურ ნაშრომებში წარმოადგინა. იგი ტრადიციული მეტაფიზიკური კონცეფციებისა და ცნობიერების ფილოსოფიის საპირისპიროდ ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტების შესახებ მოძღვრებასა და რეალიზმს შორის იდენტურობა არსებობს, რ-საც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ და სხვა ასპექტების გამო ალეთოლოგიის ზოგიერთ უცხოელ კრიტიკოსს (მაგ., დე ფრიზს) შ. ნუცუბიძის ალეთოლოგია მ-ს მოაგონებდა, რადგან აქ „ჭეშმარიტება არსის ახალ სახელად“ იყო გამოყენებული და ხაზი ესმებოდა „ჩვენი აზროვნებისაგან არსის დამოუკიდებლობას“. მატერიალ. ფილოს. ისტორიოგრაფიის გავლენა იგრძნობა შ. ნუცუბიძის ფუნდამენტურ მონოგრაფიაზე „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ (ტ. I–II, 1956–58), რ-შიც ქრისტ. ფილოს. არაერთი წარმომადგენლის (მაგ., ი. ხელაშვილი) მსოფლმხედველობა მარქსისტულ-ლენინური ფილოს. პერსპექტივიდან არის შეფასებული და უკუგდებული.
დიალექტ. და ისტ. მ-ის მიღწევებს ითვალისწინებდა ს. წერეთელი, როდესაც დიალექტიკური ლოგიკისა და უსასრულო დასკვნის შესახებ თავის ორიგინ. კონცეფციას ქმნიდა. ამ საკითხს ეძღვნება მისი ფუნდამენტური მონოგრაფია „დიალექტიკური ლოგიკა“ (თბ., 1965). მისი აზრით, დიალექტ. ლოგიკა ჰეგელისა და მარქსის დიალექტიკას უნდა დაეფუძნოს და ცოდნის განვითარების ახალი ფორმები და მეთოდები შეიმუშაოს.
ფრანგული მ-ის თეორიულ მემკვიდრეობას ეძღვნება კ. ბლაგიძის გამოკვლევა „XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმის ისტორიის ზოგიერთი საკითხი“ (1977), რ-შიც ვრცლადაა განხილული ფრანგ მატერიალისტთა შემეცნების თეორიის პრობლემები, ასევე, დ. დიდროს მატერიალ. ესთეტიკის საკვანძო საკითხები, რაც უკუფენილია თვით დიდროს მხატვრულ ნაწარმოებებსა და ხელოვნების თეორიაში. ფილოს. მ-ის კონცეფციების ანალიზს ეძღვნება მ. ჭელიძის ნაშრომები: „მარქსისტული ფილოსოფიის ფორმირება და მისი ბურჟუაზიული ინტერპრეტაციები“ (1977) და „ლუდვიგ ფოიერბახი“ (1985). პირველ წიგნში მარქსისა და ენგელსის მატერიალ. ფილოს. ფორმირების სპეციფიკა და თავისებურებანია განხილული, მეორეში კი ლ. ფოიერბახის შემოქმედებითი პროფილია მოცემული. საგანგებო ყურადღება ეთმობა მისსავე მატერიალ. კონცეფციის შეფასებას მარქსიზმის კლასიკოსების (კ. მარქსი, ფ. ენგელსი) მიერ. ძველი და ახალი მ-ის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ ფილოს. ისტორიკოსები: ს. დანელია, კ. ბაქრაძე, გ. თევზაძე და სხვ.
ლიტ.: ბლაგიძე კ., XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1977; გოგიბერიძე მ., მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, ტფ., 1928; მისივე, რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 2, თბ., 1971; დანელია ს., ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში (დემოკრიტი), ტფ., 1925; ირემაძე თ., ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები, თბ., 2013; წერეთელი ს., დიალექტიკური ლოგიკა, თბ., 1965; ჭელიძე მ., მარქსისტული ფილოსოფიის ფორმირება და მისი ბურჟუაზიული ინტერპრეტაციები, თბ., 1977; მისივე, ლუდვიგ ფოიერბახი, თბ., 1985.
თ. ირემაძე