„მატერიალი პო არხეოლოგიი კავკაზა" (Материалы по Археологии Кавказа, მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის), „მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოები" ექსპედიციების მიერ შეგროვილი მასალა, რ-იც გამოიცა 14 ტომად 1888–1916 (რედ. გრაფინია პ. უვაროვა).
საქართველოში XIX ს-მდე არქეოლ. კვლევებს ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა. სიძველეთა აღწერა გვხვდება ს.-ს. ორბელიანის, ვახუშტი და თეიმურაზ ბაგრატიონების თხზულებებში. არქეოლოგიის შესწავლამ სისტემური ხასიათი მიიღო XIX ს-ში. 1837-იდან ძეგლების აღრიცხვა-დაცვის საქმე ითავა საქართვ. სტატისტიკურმა კომიტეტმა, რ-მაც ყურადღება ყორღანებისა და მსგავსი სიძველეების გამოვლენა-აღნუსხვაზე გაამახვილა, მაგრამ არც გეოგრ. საზ-ბის კავკასიის განყ-ბას და არც სტატისტიკურ კომიტეტს არქეოლ. გათხრები არ ჩაუტარებიათ.
საქართველოში პირველი არქეოლ. გათხრა ჩატარდა 1852 ზაფხულში ნაქალაქარ უფლისციხეში. გათხრებს აწარმოებდა დ. მეღვინეთუხუცესიშვილი (1815–78). 1849 იგი სამეცნ. საქმიანობისა და საინტერესო მოხსენებებისათვის სპეც. სიგელით დააჯილდოვეს. 1873 დაარსდა „კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება“. იმავე წლის 23 მარტს დამტკიცდა წესდება. 1875 კი თბილისში გამოიცა საზ-ბის პირველი წიგნი, სადაც საზ-ბის ოქმები და სამეცნ. სტატიები დაიბეჭდა. დ. ბაქრაძის მიერ დაიგეგმა ისტ.-არქეოლ. მოგზაურობების ჩატარება. 1879 სტეფანწმინდაში არქეოლ. გათხრებს აწარმოებდა რუსი არქეოლოგი ა. უვაროვი. ამ პერიოდიდან იწყება აქტიური არქეოლ. გათხრები საქართვ. სხვადასხვა რეგიონში. მისმა მეუღლემ, პ. უვაროვამ, რ-იც 1885-იდან „მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიურ საზოგადოებას` ხელმძღვანელობდა, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში არქეოლ. კვლევების ჩატარებაში. 1888-იდან დაიწყო ,,მ. პო ა. კ-ს“ გამოცემა. მასში ტომების მიხედვით განთავსებულია შემდეგი მასალები:
ტომი I: სოხუმის მიდამოებში ჩატარებულ არქეოლ. გათხრების შედეგები; ნაქალაქარ „ნოგაი კალეს" გათხრების შედეგები; ყორღანული გათხრები ნატუხაის მიდამოებში; ჩრდ. კავკ. სამაროვნებში აღმოჩენილი ნივთების აღწერა და სხვ.; ტომი II: შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგები; ტომი III: გათხრების შედეგები დრანდის, მოქვის, ილორის, ბედიის, ბაგრატის, მარტვილის, სვეტის (ართვინთან), ოპიზის, დოლის-ყანის, ენი-რაბათის, ტბეთის ეკლესიების მიდამოებში; არქეოლ. გათხრების შედეგები მუსლიმურ ტაძრებში (ბათუმი, ბაქო), შესწავლილ იქნა ძველი სომხური და ძველი ოსური არქეოლ. ძეგლები; ტომი IV: კავკასიის მუსლიმური ძეგლების გათხრების შედეგები ყარსის ოლქსა და ელისავეტპოლის გუბერნიებში; ტომი V: ამიერკავკ. ლურსმული წარწერების შესწავლა და დამუშავება; ტომი VI: ა. ივანოვსკის კვლევა „ამიერკავკასია" [გოგჩის ტბის (სევანის) აუზი, ერევნის მდელო, ბაიაზეთი და მაკინების სახანო, ყარსის ოლქი, ელისავეტპოლის გუბერნია]; ტომი VII: ა. ხახანაშვილის მიერ საქართველოში ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგები (თელავის, სიღნაღის, ზაქათალის, თბილისის და ახალციხის მაზრებში, ქსნის ხეობასა და თრიალეთის დაბლობში); მღვდელ გ. საძაგლიშვილის მოხსენება ანანურის მიძინების ტაძარში ჩატარებული კვლევების შესახებ; ვ. სისოევის მოხსენება მდ. ზელენჩუკზე, მდ. ყუბანსა და მდ. თებერდაზე ჩატარებული გათხრების შედეგებზე; ტომი VIII: პ. უვაროვას მოხსენება ჩრდ. კავკ. სამაროვნებზე აღმოჩენილი მასალების შესახებ; ტომი IX: ყუბანის მდინარეებზე ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგები (ნაქალაქარები, ყორღანები, დოლმენები); ტომი X–XI: ი. ევსეევის მოხსენება კორიდეთის ოთხთავზე (სოფელი თურქეთში, ართვინის პროვინცია, მურღულის რ-ნი); ტომი XII: მოხსენებები თბილ. და ყარსის გუბერნიებში ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგებზე; ტომი XIII: ვ. სისოევის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები ამიერკავკასიაში 1908 წ.; ტომი XIV: ადიშის ოთხთავი ე. თაყაიშვილის წინასიტყვაობით.
ნ. მაჭავარიანი
პ. სურგულაძე