მატიანე

მატიანე, მატიანი, საისტორიო ჩანაწერთა კრებული ძველ საქართველოში. ეს ტერმინი ჯერ კიდევ ბიბლიის უძველეს ნუსხებში გვხვდება. თავდაპირველად აღნიშნავდა მხოლოდ ნუსხის სახით გადმოცემულ ამბებს. ბიბლიაში მ-ის სინონიმად იხმარება „წიგნი მეფეთა საჵსენებელთა''. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან მოხსენიებულია „ძველი მატიანე ქართლისა''. ივ. ჯავახიშვილის აზრით, აქ იგულისხმება ის საისტორიო თხზულება, რ-იც „ქართლის ცხოვრებაში'' წინ უძღვის დავით აღმაშენებლის ისტორიას. ეფრემ მცირის (XII ს.) ცნობით, ყოფილა „წმიდათა მატიანეებიც''.

მ-ები ჰქონდათ ეკლესია-მონასტრებსაც. XIII ს. ერთ-ერთი სამონასტრო წესდება გვაუწყებს, რომ მონასტრებს მ-ებისათვის, სწირავდნენ საწერ მასალას, რ-საც ბერები ინაწილებდნენ. მელქისედეკ კათოლიკოსის საბუთში (XI ს.) მოხსენიებულია „მატიანენი სააღაპენი'', ე. ი. სააღაპე ჩანაწერების კრებულები.

სამონასტრო მ-თა განსაკუთრებული სახე იყო ე. წ. „სულთა მატიანე'' (შემწირველთა მოსახსენებლების კრებული), რ-საც ადგენდნენ დიდ და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მონასტრებსა და საყდრებში. მონასტერი ან საყდარი თითოეულ შემწირველს ჯილდოდ უწესებდა წირვის დროს მოხსენიებას, რაც წიგნში სათანადო ჩანაწერით – მოსახსენებლით ფორმდებოდა. წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ ასობით ასეთ ჩანაწერს შემდეგ თავს უყრიდნენ ერთ წიგნში – „სულთა მატიანეში'' და კითხულობდნენ წირვის დროს, განსაზღვრულ დღეებში. დიდი „სულთა მატიანეები'' შედგენილი იყო განსაკუთრებული გეგმით: შესავლის შემდეგ მოსახსენებლები იყოფოდა ნაკვეთებად. თითოეულ ნაკვეთში გაერთიანებული იყო ერთნაირი სოც. მდგომარეობის პირთა (მეფეთა, დედოფალთა, დიდ ფეოდალთა, ეპისკოპოსთა, დაბალი რანგის სას. პირთა, დაბალი ფენების წარმომადგენელთა და სხვ.) მოსახსენებლები. შემოგვრჩა სინის მთის ქართველთა მონასტრის, ტბეთის საყდრის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, გერგეტის საყდრის, ნიკორწმინდის მონასტრისა და სხვა „სულთა მატიანეები`.

XVI–XVIII სს-ში ტერმინ „მატიანეს“ იყენებდნენ ყოველგვარი საისტ. თხზულების აღსანიშნავად. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მ. იყოფოდა 4 ნაწილად: ადგილის აღწერად (ე. ი. გეოგრაფია), ნათესავთმეტყუელებად (ე. ი. გენეალოგია), წლისმრიცხველობად (ე. ი. ქრონოლოგია) და მოქმედების აღწერად (ე. ი. საკუთრივ ამბების თხრობა).

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; დაწერილი მელქისედეკ კათალიკოზისა სვეტიცხოვლისადმი (1029–1033 წწ.), წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1971.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V–XVIII სს.), თხზ., ტ. 8, თბ., 1977.

ნ. შოშიაშვილი