მატინიანი სერგეი ჰაიკის ძე (8. I. 1931, თბილისი, − 8. IX. 2017, დარემი, აშშ), ფიზიკოსი. სომხეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1990, წ.-კორ., 1982). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტოორი. დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1954). მუშაობდა თეორ. და ექსპერ. ფიზიკის ინ-ტში (1956–57), 1957–70 – საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტში (ახლანდ. ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტი), იყო ამ ინ-ტის სწავლული მდივანი (1957–66); იქვე დააარსა და ხელმძღვანელობდა ელემენტარული ნაწილაკების თეორიის განყ-ბას (1966–70). იყო თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის პროფესორი (1969–70). მუშაობდა ერევნის ფიზ. ინ-ტსა და სახელმწ. უნ-ტში (1970–93), აშშ-ში (1993-იდან) დიუკისა და ჩრდ. კაროლინის შტატის უნ-ტებში.
მ-ის ძირითადი ნაშრომები ეხება სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედებების, კვანტური ჰიდროდინამიკის (ზედენადობის თეორია), ელემენტარული ნაწილაკების, ველის კვანტურ და მაღალი ენერგიების ფიზიკის თეორიებს. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული ნეიტრალური მეზონების ოპტიკის დარგში, თეორიულად აღმოაჩინა ვაკუუმის არასტაბილურობა კვანტურ ქრომოდინამიკაში და არააბელური კალიბრული ველების ქაოსი.