მატიტელა (Polygonum), მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. ძირითადად ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად – ბუჩქბალახები და ბუჩქები. აქვთ სწორმდგომი, გართხმული, ზოგჯერ ხვიარა ღერო, 4–6-ფურცლიანი გვირგვინისებრი ყვავილსაფარი და სამწახნაგოვანი ნაყოფი.
გვარში 300-მდე სახეობაა. უმეტესად გავრცელებულია ზომიერ და ტროპ. ოლქებში. საქართველოში 28 სახეობა იზრდება, მ. შ. ხალხში კარგადაა ცნობილი შემდეგი სახეობები: წართხალი (P. alpinum), წყლის დვალურა (P. amphibium), ჩვეულებრივი მ. (P. aviculare), დვალურა (P. carneum), ყანის ჭლექი (P. convolvulus), ღობისძირა (P. dumetorum), წალიკა (P. hydropiper) და სხვ. ზოგი მათგანი აბეზარი სარეველაა, ზოგს ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ, ზოგი კი ცხოველთა და ფრინველთა (განსაკუთრებით ბატების და ინდაურების) საკვებია.
შ. ნახუცრიშვილი