მატნის ცხრაკარას მონასტერი

მატნის ცხრაკარა მონასტერი. V, VIII–IX და XVII სს.

მატნის ცხრაკარას მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს სოფ. მატნის (ახმეტის მუნიციპ.) დას-ით 3–4 კმ-ში, მთაში.

მონასტერი შედგება რამდენიმე ეკლესიისა და სხვა ნაგებობებისგან, რ-ებსაც გარს ევლება არაწესიერი მოხაზულობის დაბალი გალავანი. მონასტრის მთავარი ნაგებობაა V ს. შუა წლების ბაზილიკა. VIII–IX სს-ში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ, რამაც მისი თავდაპირველი ფორმების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. ამ დროს ბაზილიკისათვის სამხრ-იდან და ჩრდ-იდან დარბაზული ეკლესიები, ხოლო დას-იდან კარიბჭე მიუშენებიათ. მომდევნო ხანებში ბაზილიკის ჩრდ. ნავის თავზე მოუწყვიათ დაბალი კამაროვანი სათავსი, რ-ზეც XVII ს-ში აგურის რვაწახნაგოვანი სამრეკლო დაუდგამთ, ბაზილიკაზე სამხრ-იდან მიშენებულ ეკლესიაზე კი აღმ-იდან სწორკუთხოვანი ნაგებობა მიუდგამთ. ამ მხრიდან ძეგლს მეორე ნაგებობაც ეკვრის, რ-იც ბაზილიკის შუა ნავის კედელზეა მიბჯენილი. ბაზილიკის ჩრდ.-აღმ-ით შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, ხოლო დას-ით (დაახლ. 4 მ-ზე) – დარბაზული ეკლესია. ამ ეკლესიის სამხრ-ით პატარა კამარაჩამოქცეული შენობაა (სავარაუდოდ, მონასტრის ბ-კა).

ბაზილიკა გეგმით სწორკუთხაა (10×8,7 მ), ნაგებია რიყის ქვითა და მცირე ზომის ნატეხი ქვით. საეკლ. სივრცეს აქ ქმნის მხოლოდ მთავარი და ჩრდ. ნავი. სამხრ. ნავი მთავარი ნავისგან, სავარაუდოდ, ყრუ კედლით იყო გამიჯნული და მას მხოლოდ ერთი შესასვლელით უკავშირდებოდა. შუა ნავი ვიწრო და მოკლეა. აღმ-ით მას ნახევარწრიული აფსიდი აქვს, რ-ის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ერთი ასეთივე სარკმელი ნავის სამხრ. კედელშიცაა. საკურთხეველი ნავის დანარჩენი სივრცისგან მოგვიანებით აგებული აგურის კანკელითაა გამიჯნული. VIII–IX სს-ში გრძივი კედლების აღმ. ნაწილის ზედა ნახევარი და კამარის ნაწილი აღუდგენიათ.

ჩრდ. ნავი არსებითი გადაკეთებების გარეშეა შემორჩენილი და მის აღმ. კიდეში გეგმით თითქმის კვადრატულ, პირამიდული ფორმის სხმული კამარით გადახურულ სამკვეთლოს კარით უკავშირდება, ჩრდ. კედელში გაჭრილი კარით კი – ჩრდ-იდან მიშენებულ ეკლესიას.

სამხრ. ნავი გვიანი შეკეთებების შედეგად მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. იგი ორი განივი თაღით გაყოფილია სამ ნაწილად. აღმ. ნაწილი აფსიდიანია. აფსიდი თავდაპირველად უსარკმლო იყო, ამჟამინდელი სარკმელი კი გვიანდელია. ნავის შუა ნაწილი გეგმით კვადრატულია და გუმბათოვანი კამარა ხურავს. გუმბათი რვაკუთხედზეა დასმული, გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის საფუძვლის რვაკუთხა მოხაზულობაზე გადასასვლელად გამოყენებულია კვადრატის ოთხივე კუთხეში ჩასმული შირიმის თითო ქვა, რ-შიც ტრომპისმაგვარი ელემენტია ამოკვეთილი. სამხრ. ნავს სამხრ-ით ერთი სწორკუთხა და ერთი თაღოვანი შესასვლელი აქვს, რ-ებიც მას სამხრ-იდან მიშენებულ დარბაზულ ეკლესიასთან (6,9×3,6 მ) აკავშირებს.

ეკლესიის დას. ნავის დას. კედელში სწორკუთხა კარია, რ-იც ბაზილიკაზე დას-იდან მიშენებულ, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კარიბჭეში (4×3 მ) გადის.

ბაზილიკის შუა ნავის საკურთხეველსა და კედლებზე შემონახულია მხატვრობა, რ-იც შესრულებულია XVI ს-ში გარსევან ჩოლოყაშვილის ასულის, ანასტასიას (მონაზვნობაში ანა) შეკვეთით. ამავე პერიოდის მხატვრობაა შემორჩენილი ბაზილიკაზე სამხრ-იდან მიშენებული ეკლესიის კანკელსა და დას. კედელზე. მათგან კანკელის მხატვრობის მანერა განსხვავებულია და სხვა ოსტატის ხელზე მიუთითებს. როგორც ბაზილიკის ისე სამხრ. მინაშენის მხატვრობა თავისი დროის მეტად დახელოვნებული ოსტატის მიერაა შესრულებული, რ-იც მჭიდროდ უკავშირდება პალეოლოგოსთა ხელოვნების მხატვრულ ტრადიციას.

ბაზილიკაზე ჩრდ-იდან მიშენებული ეკლესიის იატაკის ქვეშ ორი კამაროვანი სათავსია (სავარაუდოდ, საძვალე), რ-შიც ჩასასვლელი კიბე დარბაზის დას. ნაწილშია.

ბაზილიკის დას-ით 4 მ-ზე დაშორებით დგას შირიმის გათლილი კვადრებით მოპირკეთებული XIV–XV სს. დარბაზული ეკლესია (7,3×5,2 მ). ეკლესია შიგნიდან მთლიანად მოუხატავთ XVI ს. II ნახ-ში.

ბაზილიკის ჩრდ.-აღმ-ით 7–8 მ-ზე მეორე დარბაზული ეკლესიის (7,9×5 მ) ნანგრევებია, სამხრ.-დას-ით კი შემორჩენილია გეგმით თითქმის კვადრ. (3,7×3 მ) შენობის კედლები (სიმაღლე 2,4 მ). შენობას ჰქონდა ზედა განათება.

1984–87 ჩატარდა ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტ. დ. ჭიკაიძე).

ლიტ.: ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1962; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2008; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Tб., 1959; Georgian Architecture. A documented photo-archival collection on microfiche, Leiden, vol. 3, 1997.

 თ. დვალი