მატური, საფლავის ძეგლის ტიპი, რომელშიც იგულისხმება მრავალფეროვანი „ფეხზემდგომი“ ძეგლები. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით, მ. არის მცირე გალავანი „ერთის ნათესავის მიცვალებულისთვის“, ე. ი. საგვარეულო სასაფლაო. სავარაუდოდ, ადრეულ ხანაში საგვარეულო სასაფლაოს აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი მ. მოგვიანებით „ფეხზემდგომი საფლავის ძეგლების“ კრებსით სახელად იქცა. გამოვლენილია ქვითხუროობის ძალზე მაღალი დონე – დაძლეულია ქვის დამუშავების ყველა ტექნ. სირთულე, განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოკვეთილი გეომ. სწორი ხაზები, ოთხკუთხა ან მრგვალი კოლონადები, თაღური და როტონდისებური გადახურვები. ზოგადად, დომინირებს ეკლესიების, ეგვტერებისა და სამრეკლოს არქიტ. მოდელები. ზოგი მ. შესრულებულია ყრუ მოდელირებით, ზოგიერთები კი წარმოადგენს „ბანიან“ და „ფარღია სამრეკლოიან“ ეგზემპლარს, რ-ებიც მორთულია ცრუ ნიშებით, ღიობებით, თახჩებით და დასრულებულია ქვისა და რკინის ჯვრებით. ხშირად მ-ზე ვხვდებით საკმაოდ ვრცელ წარწერა-ეპიტაფიებს და ქრისტ. რელიგიის სიმბოლოებს (მტრედი, თევზი, ნაყოფი, ვაზი და მტევანი, ანგელოზები), ასევე სამეურნეო და სახელოსნო იარაღებს (ბოთლი, ყანწი, შეკაზმული ცხენი, ირემი, საკურთხი და სხვ.), გარდაცვლილთა სურათებსა და სხვ. მ-თა უმრავლესობას გამოკვეთილი აქვს ნიშები საკურთხის დასადებად და სანთლის დასანთებად.
მ. არის უმნიშვნელოვანესი მემორიალური ძეგლი, რ-შიც ვლინდება ქრისტ. სიმბოლიკის კვლევისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მასალები.
ლიტ.: ბედუკაძე ს., ქვის დამუშავება მთიულეთში, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“, 1951, ტ. 5; ნადირაძე ე., საქართველოს მემორიალური კულტურა, თბ., 2001.