მაქსიმე I (მაჭუტაძე) (გ. 1657, იერუსალიმი), აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1639–57, მანამდე – შემოქმედის ეპისკოპოსი. იბრძოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ამ საქმეში დასახმარებლად 1634 გორიდან გურიაში მიიწვია იტალიელი კათოლიკე მისიონერები. მ. I-მა ოდიშის მთავარს, ლევან II დადიანს, აღადგენინა გაუქმებული ხობის მონასტერი, მოაწესრიგა ოდიშში თავადაზნაურთა საწესო-საკათოლიკოსო გადასახადების აკრეფის საქმე (1640). მასპინძლობდა ფ. ელჩინსა და პ. ზახარიევს (იხ. სტ. ელჩინისა და ზახარიევის ელჩობა) იმერეთის მეფე ალექსანდრე III-სთან (1650–52). მ. I-მა რამდენჯერმე იმოგზაურა იერუსალიმში, სადაც ქართული მონასტრებისათვის დიდი შეწირულობა გაიღო. ამ ღვაწლისთვის იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გამოუსახავთ ქართვ. მეფეების – მირიანის, ვახტანგ გორგასლისა და სხვათა ფრესკებს შორის. არსებობს ვარაუდი, რომ მ. I ამავე მონასტერშია დაკრძალული.
ლიტ.: ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 31; მისივე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.
ბ. ლომინაძე