მაქსიმე აღმსარებელი (580, კონსტანტინოპოლი, – 662, ლაზიკა), ბიზანტიელი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მწერალი, ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. იგი კარგად იცნობდა ანტ. ხანის ბერძნულ ფილოსოფიას და თავის შემოქმედებაში მის ქრისტ. ინტერპრეტაციას ახდენდა. მ., ჯერ კიდევ ყმაწვილი, დაინტერესდა ბერმონაზვნური ცხოვრებითა და წმ. წერილის შესწავლით. ამაში მას ორიგენეს ნაშრომებიც დაეხმარა, იმ მოაზროვნისა, რ-მაც III ს-ში დიდწილად განსაზღვრა ალექსანდრიული ეგზეგეტიკური ტრადიცია. მ. ა-მა მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, ღვთისმეტყველებას და ა. შ. 610–630 იგი იმპ. ჰერაკლეს (611–641) მდივანი იყო. 613–614 მაქსიმე ქრისოპოლისში (ქალკედონთან ახლოს) ბერად აღიკვეცა და მონასტრის წინამძღვარი გახდა, მოგვიანებით (624–625) ქ. კუზიკოსში მოღვაწეობდა. 641 ბიზანტიის იმპერატორი გახდა 11 წლის კონსტანტი II (641–668). ამ დროს ეგვიპტე და სირია მოიცვა ისლამმა, რ-იც კონსტანტინოპოლისკენაც მიიწევდა. კონსტანტი II-ის მთავარი საზრუნავი იმპერიის ერთიანობა იყო, რის განხორციელებასაც ის რწმენის ერთიანობის ხარჯზე ცდილობდა. 648 ედიქტის საფუძველზე იკრძალებოდა ყოველგვარი დისკუსია მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მონოთელიტებს შორის. მონოთელიტები ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს პიროვნებაში არსებული ორი ბუნების მიუხედავად, მასში მაინც ერთი – ღვთაებრივი ნება ბატონობს. მ. ა. გულმხურვალედ ქადაგებდა ჭეშმარიტ ქრისტიანობას და შეუპოვრად იბრძოდა ერეტიკული მოძღვრებების წინააღმდეგ. იგი დასაჯეს, ენა ამოჰკვეთეს და მარჯვენა მოაჭრეს.
უახლესი არქეოლ. და ისტ. გამოკვლევების შედეგად კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ იგი დაკრძალულია ცაგერში, კერძოდ მურის ციხის ძირში მდებარე წმ. არსენის მონასტერში, რ-საც შემდეგ წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელი ეწოდა. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ კულტურაში. ძველ ქართულ მწერლობაში მოგვეპოვება მისი თხზულებების მრავალი თარგმანი, რ-ებიც XI–XII სს. შესრულდა. ამ კუთხით განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს ათონზე მოღვაწე ქართველმა ბერებმა და გელათური სკოლის მთარგმნელებმა.
ლიტ.: ირემაძე თ., ბიზანტიური აზროვნება და ქართული ფილოსოფია, ნაკვ. 1 – მაქსიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი, „საპატრიარქოს უწყებანი“, 2019, № 19; ნუცუბიძე შ., მაქსიმე აღმსარებელი და ქართული კულტურის საკითხები თანამედროვე მეცნიერებაში, „მნათობი“, 1962, №4; ოთხმეზური თ., მაქსიმე აღმსარებლის Ambiguorum liber ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში, თბ., 2016.
თ. ირემაძე