მაქსიმოვა იადვიგა იოსების ასული (31. XII. 1909, ვილნო, ლიეტუვა, – გარდ. თარიღი უცნობია), თეატრისა და კინოს მსახიობი. უკრაინის დამს. (1944) და საქართვ. სახ. არტისტი (1964). 1927 დაამთავრა მოსკოვის მცირე თეატრთან არსებული თეატრ. სასწავლებელი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილ. რუს. დრამ. თეატრის მსახიობად, სადაც შეასრულა ელენას (ა. ოსტროვსკის „ბელუგინის ქორწინება“), ნატალია გონჩაროვას (ნ. ლერნერის „მეფე და პოეტი“), მარიას (ა. ლუნაჩარსკის „დათვის ქორწილი“, ყველას რეჟ. ვ. ტატიშვილი) როლები. მუშაობდა მოსკოვის კორშის (1928–30), მუშათა სამხატვრო (1930–35), ერმოლოვას (1935–36), აგრეთვე ყაზანის (1936–37), ოდესის (1937–39), კიევის წითელი არმიის (1939–42) და ლესია უკრაინკას სახ. (1944–45), დნეპროპეტროვსკის (1942–44), ვილნიუსის (1946–47), ტულის (1947–49), თბილ. გრიბოედოვის (1949–64) თეატრებში. გრიბოედოვის თეატრში მ-ს შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ელისაბედი (ვ. დარასელის „კიკვიძე“), ანა კარენინა (ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“), იულია ტუგინა (ა. ოსტროვსკის „უკანასკნელი მსხვერპლი“), დონა ანა (ლ. უკრაინკას „ქვის მბრძანებელი“), ფილუმენა მარტურანო (ე. დე ფილიპოს „ფილუმენა მარტურანო“) და სხვ.
მ-ის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფ. ოსტატობით, ექსპრესიულობით.