მაქციაობა, პერსონაჟის ზოომორფული სახეცვლილება ფოლკლორში. მ. ნიშნავს სხვა სახის მიღებას, სხვა სახედ ან ვინმედ გადაქცევას, გარდაქმნას. ხალხურ მეტყველებაში იხმარება სიკეკლუცისა და კოხტაობის, აგრეთვე მოხერხებულობის, ეშმაკობის, თავის მოკატუნების სინონიმად. მ. ზღაპრისა და მითოსის ნიშანდობლივი თვისებაა. უკავშირდება მსახიობური ხელოვნ. ხალხურ საწყისებს. მაქცია-პერსონაჟები (ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, ბუნების მოვლენები) ფოლკლორული დრამის მოქმედ გმირთა წინამორბედებიც არიან.
ლიტ.: ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964; ქართული ხალხური ზღაპრები, მ. ჩიქოვანის გამოც., ტ. 1, თბ., 1938; ხალხური სიბრძნე, [ტ.] 1, თბ., [1960].
გ. ჭელიძე