მაღალაძეები, მწიგნობარ-კალიგრაფები სოფ. წინარეხში (კასპის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ აზნაურთა გვარიდან. მ-ის საგვარეულოს ეკავა მცხეთის ქადაგის, სახლთუხუცესისა და მდივან-მწიგნობრის თანამდებობები. თვალსაჩინო პიროვნება იყო ბერი ნიკოლოზი, სვეტიცხოვლის ქადაგი (XVII ს.), მამის (პაპუას) მსგავსად კოშკების, ეკლესიების მაშენებელი და შემკეთებელი, კალიგრაფი. მას გადაუწერია სას. თხზულებათა კრებული (კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი). ნიკოლოზის სახელი გვხვდება XVII ს. მიწურულის ხატებზე, მის მიერ შეკეთებულ მაღალაანთ ეკლესიასა (წინარეხთან) და სვეტიცხოვლის კედლებზე. ნიკოლოზის ბიძაშვილი სოლომონი (XVII–XVIII სს. მიჯნა) 1702 კათოლიკოსის მდივან-მწიგნობარ-მგალობელი და ცნობილი კალიგრაფი იყო. წერდა საბუთებს. ლამაზი მხედრულით გადაუწერია ბესარიონ ორბელიანის „გრდემლი'', ვახტანგის სამართლის წიგნების ერთ-ერთი უძველესი ნუსხა (ორივე კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი) და სხვ. მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის სტამბის საქმიანობაში (მისი დამზადებული უნდა იყოს ხელნაწერი ნიმუში სასტამბო მხედრული შრიფტისათვის). სავარაუდოდ, სოლომონის აშენებულია მაღალაანთ ეკლესიის სამრეკლო. ამავე წლებში მოღვაწეობდა ზურაბი, უფრო მოგვიანებით (XVIII ს.) – ნიკოლოზი, ანტონ კათოლიკოსის კარის პროტოპაპ-მდივან-ქადაგი. პეტერბურგში მას გადაუწერია „კრებული სამეცნიერო'' (სიტყვანი და სწავლანი სამეცნიერონი; სიტყვისგება სოგრატისი; კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი).
ვ. ბერიძე