მაღალმთის მუხა

მაღალმთის მუხა

მაღალმთის მუხა, აღმოსავლური მუხა (Quercus macranthera), ხე წიფლისებრთა ოჯახიდან (Fagaceae), საქართველოში გავრცელებული მოკლეყუნწიანი ან მჯდომარენაყოფებიანი (პონტოური მუხა, ქართული მუხა, ჭოროხის მუხა) მუხების ჯგუფიდან. მ. მ. 20–28 მ სიმაღლის ხეა მსხვილი, მოკლე ღეროთი და დაფარულია სქელი, მუქი ქერქით. ერთწლიანი ტოტები სქლადაა შებუსული მოყვითალო-რუხი გრძელი ბანჯგვლიანი ბეწვებით. ფოთლები მკვრივია, ტყავისებური, ქეჩის მსგავსად შებუსული, ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი – მოყვითალო-მონაცრისფრო (მეტ-ნაკლებად შებუსული). მოყვანილობით ოვალური ან კვერცხისებრია, თითოეულ მხარეზე 8–12 მოკლე, ბლაგვი, კიდემთლიანი ან მსხვილკბილებიანი ნაკვთებით. იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლებში, სამხრ-ით მშრალ ფერდობებზე ქმნის მუხნარ ტყეებს. ცალკეულად გვხვდება ფოთლოვან, ფიჭვნარ ტყეებში, კახეთში – გომბორის ქედზე. აგრეთვე გავრცელებულია სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, შიდა ქართლში, ფშავში, ხევსურეთში, თრიალეთსა და მესხეთში. როგორც მოწყვლადი სახეობა შეტანილია საქართვ. „წითელ ნუსხაში“.

ლიტ.: კახეთის რეგიონის მცენარეები, თბ., 2018.