მაღაროსკარი

მაღაროსკარი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედის აღმ.კალთაზე, მდ. მაღაროსხევის და ფშავის არაგვის შესართავთან. ზ. დ. 950 მ. თემის ცენტრი (სოფლები: მ., არბაჩხანი, აფშო, გომეწარი, გუდარეხი, ინო, კანატია, კაწალხევი, კუჭეჭა, მიგრიაულთა, საშავარდნო, ქალილო, შარახევი, ჩარგალი, წიფრანი, ხილიანა, ხომი). დუშეთიდან 38 კმ. 221 მცხ. (2014).

სოფელში დგას XIX ს. I ნახ-ში აგებული „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ეკლესია. სოფლის ჩრდ-ით, 4 კმ-ზე, მდ. ფშავის არაგვის მარჯვ. ნაპირზე, ნასოფლარ კართანასთან შემოორჩენილია X–XI სს. ძლიერ დაზიანებული დარბაზული ეკლესია და გვიანდ. შუა საუკუნეების ოთხკუთხა კოშკი. სოფლის დას-ით, 3 კმ-ზე, სალაღოსწვერის მთაზე შემორჩენილია VIII–IX სს. მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. 1974 და 1983–85 ჟინვალის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი) ნასოფლარის ტერიტ-ზე გათხარა V–IX სს. სამაროვანი – 154 ინდივიდუალური ქვის სამარხი და 4 კოლექტიური აკლდამა.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008.