მაღრაანი, სოფელი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტ-ში, მდ. მაჭარეულის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 470 მ. თემის ცენტრი (სოფლები: მ., არგოხი, ფიჩხოვანი). ახმეტიდან 25 კმ. 411 მცხ. (2014).
მ-სა და მის მიდამოებში არაერთი ხუროთმოძღვრული ძეგლია შემორჩენილი: მათგან თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია პანკისის ციხე. სოფელში დგას ღვთაების და მთავარანგელოზთა ეკლესიები. ორივე ეკლესია გვიანდელ შუა საუკუნეებში კახეთში ფართოდ გავრცელებულ დარბაზული ტიპის ეკლესიათა ჯგუფს მიეკუთვნება, ოღონდ, მათგან განსხვავებით, ორივე სათოფურებით არის აღჭურვილი. გ. ბოჭორიძის ცნობით, მთავარანგელოზთა ეკლესიის კანკელის წყობაში, აღსავლის კარის მარჯვნივ, ჩადგმული ყოფილა მარმარილოს ფილა (ამჟამად დაკარგულია) მხედრული დამწერლობით შესრულებული სამშენებლო წარწერით, რ-ის თანახმად ეკლესია 1767 აუგია მეფე ერეკლე II-ის ფარეშთუხუცეს გივი ნათანლიშვილს.
სოფლის ჩრდ-ით, დაახლ. 2 კმ-ზე, დგას ღვთაების ეკლესია, რ-იც არქიტექტურული ნიშნებით XV–XVI სს-ით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია, სამხრ-იდან ეკვრის თანადროული მინაშენი. მინაშენის დას. ნაწილში მოგვიანებით აუგიათ ორსართულიანი სამრეკლო, რ-ის I სართული ეკლესიის კარიბჭეს წარმოადგენს, II კი რვაწახნაგოვანი ფანჩატურია. ეკლესია შემოფარგლულია ქვითკირის გალავნით.
სოფლის სიახლოვეს, მდ. მაჭარეულის მარჯვ. ნაპირზე, მთის ფერდობის ხელოვნურად მოსწორებულ ადგილზე შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების საცხოვრებელი ნაგებობის (სავარაუდოდ, სასახლის) ნანგრევები, რ-საც ადგილობრივი მოსახლეობა ხოკერაანთ ნასახლარს უწოდებს.
სოფლის დას-ით, 2 კმ-ზე, ტყიანი მთის ფერდობზე დგას XVI ს. წამებულის დარბაზული ეკლესია, რ-შიც შემორჩენილია ამავე ხანის მოხატულობის ფრაგმენტები.
სოფლის სამხრ-ით (დაახლ. 1 კმ-ზე), მინდორში, დგას გვიანდ. შუა სს. ქაშვეთის დარბაზული ეკლესია. მსგავსი ტიპისაა და იმავე ხანებს განეკუთვნება სოფლის აღმ-ით მდებარე ციხისჯვრის ეკლესია და ჩრდ-ით (დაახლ. 2 კმ-ზე) მდგარი ეკლესიაც, ე. წ. ბერიკაანთ ხატი. ამ უკანასკნელთან ახლოს მდებარეობს ბზიანის საყდარი (შემონახულია ჩრდ. კედლის შუა ნაწილი ორსაფეხურიანი პილასტრით, რ-საც კედლის ყრუ თაღების ნაწილებიღა შემორჩა). სოფლიდან ამავე მხარეს, ოდნავ მოშორებით, დგას გვიანდ. შუა საუკუნეების კვადრატული გეგმის სამსართულიანი კოშკი.
1971 სოფლის განაპირას შემთხვევით აღმოაჩინეს განძი – სპილენძის ქვაბი, რ-შიც იდო ვერცხლის 6 ნაჭედი ნივთი (თასი, ოთხი სხვადასხვა ზომის თეფში, სასმისი). ყველა მათგანი ადგილ. ნაწარმია. მხედრული წარწერების საფუძველზე თასი და სამი თეფში XVI ს-ით დათარიღდა, დიდი თეფში – XVII ს. შუა წლებით, ხოლო სასმისი – XVIII ს. II ნახ-ით. განძი ინახება თელავის ისტ. მუზეუმში.
სოფლის მიდამოებში მდებარეობს ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი.
ლიტ.: ბოჭორიძე გ., თუშეთი, თბ., 1993; კიკნაძე გ., მაღრაანის განძი, „ძეგლის მეგობარი“, 1973, №33; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008.
თ. დვალი