მაღრანი

ყვითელნისკარტა მაღრანი

მაღრანი (Pyrrhocorax), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა ყორნისებრთა ოჯახისა. მოიცავს 2 სახეობას: წითელნისკარტა მ-ს, ანუ სუღლუკს (P. pyrrhocorax) და ყვითელნისკარტა მ-ს, ანუ ალპურ ჭკას (P. graculus). ისინი ითვლებოდნენ ტიპურ ყორნისებრებად, მაგრამ დნმ-ისა და ციტოქრომ ბ-ს კვლევებმა ცხადყო, რომ მ. რაკეტკუდა კაჭკაჭთან (Temnurus temnurus) ერთად წარმოადგენს ყორნისებრთა ძირეულ ჯგუფს.

ყვითელნისკარტა მ. გავრცელებულია ევროპაში, შუა და ცენტრ. აზიაში, აფრიკის ჩრდ. და დას. ნაწილში. წითელნისკარტა გვხვდება ჩრდ.-დას. აფრიკაში, ეთიოპიაში, სამხრ.-დას. აზიაში, ევროპაში როგორც ზღვისპირა კლდეებზე (დიდი ბრიტანეთი, ირლანდია), ასევე მთებში. ნანახია მთა ევერესტზე (ზ. დ. 7900 მ), ყვითელნისკარტა კი იმავე მთაზე ზ. დ. 8200 მ-ზე. იგი ითვლება ყველაზე უფრო მაღლა მცხოვრებ ხერხემლიან ცხოველად დედამიწაზე. ორივე სახეობა ბინადრობს საქართველოში. წითელნისკარტა მ. ცოტათი დიდია (სხეულის სიგრძე – 36–42 სმ, ფრთაშლა – 73–90 სმ, მასა – 210–350გ) ყვითელნისკარტაზე (სხეულის სიგრძე – 37–39 სმ, ფრთაშლა – 75–85 სმ, მასა – 188–252 გ). კოლონიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს კლდეში, მდინარისპირა ხრამების კედლებში, მცირე ხევებში, მიტოვებულ შენობებში (ყვითელნისკარტა მ.). დედალი მ. 4–5 კვერცხს დებს და 17–18 დღე კრუხობს. წითელნისკარტა მ-ის ბარტყები თითქმის შიშვლები არიან, ხოლო ყვითელნისკარტასი – ნატალური ბუმბულით არიან დაფარული. ყვითელნისკარტას ბარტყი ფრენას იწყებს 29–31, ხოლო წითელნისკარტასი – 31–41 დღეში. იკვებებიან ჭიებით, მწერებით, ჭუპრებით, მცენარეებით. წითელნისკარტა მ. საკვებად უპირატესად ჩიტისთავას (Gagea) ბოლქვებს ირჩევს, ეტანება მარცვლეულსაც, ყვითელნისკარტა კი – კენკროვანებსა და ასკილს. შეინიშნება ორივე სახეობის რაოდენობის კლება, ადგილ-ადგილ სრულ გაქრობამდე. ძირითადი მალიმიტირებელი პირობებია მაღალმთის მდელოების გადაძოვა და სათხილამურო კურორტების მშენებლობა, რაც იწვევს გამოსაკვები მცენარეულობისა და საბუდარი ადგილების გაქრობას (შეწუხების ფაქტორის ზრდა). დაცულ ტერიტორიებზე და იქ, სადაც შეწუხების ფაქტორი დაბალია, რიცხოვნობის კლება არ შეინიშნება, ზოგან პირიქით, მატებაც კი აღინიშნება. ცხოვრობენ 15–17, საშუალოდ – 7 წელს.

ა. ბუხნიკაშვილი