მაღრაძე გუგული ამბერკის ასული (დ. 9. IV. 1945, წყალტუბო), ფსიქოლოგი. ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1981). დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლოგიის (1968), დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის (ინგლ. ენა, 1974), სამართლისმცოდნეობის (1997) ფაკ-ტები. მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. (1969–78) და საქართვ. მეცნ. აკად. სამართლის (1978–81) ინ-ტებში. 2000–06 იყო სოც. ფსიქოლ. კათედრის გამგე, 2006-იდან – თსუ-ის კონფლიქტოლოგიის ინ-ტის დირექტორი. ასევე მუშაობდა დავით აღმაშენებლის სახ. უნ-ტში (პრორექტორი, 1997–2000), ეკონომიკურ ურთიერთობათა ინ-ტში (საზოგადოებრივ მეცნ. კათედრის გამგე, 1994–98), აშშ-ის ჯორჯ მეისონის უნ-ტის მოწვეული პროფესორი; 2004-იდან 2020-მდე იყო საქართვ. მე-6, მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.
მ-მ ექსპერიმენტების საფუძველზე გამოიკვლია კონფორმიზმი და განიხილა სოც. გავლენა სხვადასხვა მოვლენებზე დ. უზნაძის განწყობის თეორიის პოზიციიდან. აჩვენა, რომ სოც. გავლენა ორმხრივი პროცესია, რ-შიც უმცირესობაც სერიოზულ როლს ასრულებს. იგი მონაწილეობდა სოც. აქსიომების ეთნოკულტურული თავისებურების გამოვლენაზე მიმართულ მასშტაბურ კროსკულტრულ კვლევაში. გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან ინტენსიურადაა ჩართული კონფლიქტების კვლევის სფეროში.
თხზ.: სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა, თბ., 1988; კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა, თბ., 2005; სოციალური გავლენის ფსიქოლოგია, თბ., 2007; ჰიბრიდული ომი და 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები, თბ., 2020; Cultural Encounters and Emergent Practices in Conflict Resolution Capacity-Biulding, Z. 2020.
ი. იმედაძე