მაღრაძე დავით ელგუჯას ძე (დ. 28. VI. 1962, თბილისი), პოეტი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2005). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1984). მუშაობდა ჟურნ. „ნიანგსა“ (1984–85) და „მნათობში“ (1985–91). იყო თსუ-ის მეცნიერი თანამშრომელი (1991); გაზ. „ლიტერატურული საქართველოს“ მთ. რედაქტორის მოადგილე (1991–92); ქართული პენცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1991), ამავე ცენტრის პრეზიდენტი (1997–2013); ჟურნ. „ცისკრის“ მთ. რედაქტორი (1992); საქართვ. კულტურის მინისტრი (1992–95); მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999–2002); პირველი კრებული „გულო, ჩადექ საგულესა“ გამოსცა 1984. არის საქართვ. ახლანდ. ჰიმნის ტექსტის შემდგენელი. მ-ის პოეზია თარგმნილია გერმ., ინგლ., ფრანგ., უნგრ., რუს., იტალ., ჩერქეზულ, შვედურ, თურქ., არაბულ, ესპანურ, აფხაზურ, ოსურ ენებზე.
მიღებული აქვს ჯილდოები და პრემიები: ღირსების ორდენი (2005); რომის პაპ ბენედიქტ XVI-ის ევროპის საერთაშ. მედალი კრებულისთვის „Salve“ (2006); იტალიის სახელმწ. პრიზი „ანასილაოსი“ (2014); ჯ. ლეოპარდის პირველი პრემია – ოქროს მედალი წიგნისთვის „ექო“ (2016); სალვატორე კუაზიმოდოს საერთაშ. პრიზი ლიტ-რის დარგში განსაკუთრებული წვლილისთვის (2017); იტალიის სახელმწ. უმაღლესი ჯილდო – ვარსკვლავის ორდენი (2018); დანტეს ოქროს მედალი (2019). გაიმარჯვა ებოლიში (იტალ.) გამართულ პოეზიის მეხუთე საერთაშ. კონკურსზე (2011). ამავე წელს დასახელდა ნობელის პრემიის ნომინანტად ლიტ-რაში.
თხზ.: მარულა, თბ., 1987; შანდლის ასული, თბ., 1990; ლექსები, თბ., 1994; გახუნებული აფიშა, თბ., 1998; კულტურა–მეფური ნაკლი, თბ., 2001; ნიკალა, თბ., 2002; ქარი ფოთლების ბილეთს არიგებს, თბ., 2006; შეჩერდი, წამო! თბ., 2008; შენთვის, თბ., 2008; ჯაკომო პონტი, თბ., 2012; სარკმელი, თბ., 2014; Ave, Eva, თბ., 2017; უსადაურო, თბ., 2018; ბარაქიანი მიწა, თბ., 2020; მეტაფიორა, თბ., 2021.
ს. მეტრეველი