მაღრაძე ელგუჯა სამუელის ძე

ე. მაღრაძე

მაღრაძე ელგუჯა სამუელის ძე (1. I. 1927, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 23. VI. 1999, თბილისი), მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970). დაამთავრა საკავშ. იურიდ. ინ-ტი (1949), თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1952). სხვადასხვა დროს იყო ჟურნ. „ნიანგისა“ და „მნათობის“ მთ. რედაქტორი, გამომც. „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი (1961–67); საქართვ. მწერალთა კავშირის პირველი მდივანი (1967), 1978–84 – საქართვ. გამსახკომის თავ-რე, 1997–99 – მწერალთა კავშირის თავ-რის მოადგილე. პირველი ნაშრომი 1951 გამოაქვეყნა. 1963 გამოვიდა მისი პირველი წიგნი „მეველე“. ბიოგრ. რომანში „გრიგოლ ორბელიანი“ (1967) მ-მ გამოჩენილი პოეტი და მხედართმთავარი წარმოადგინა მთლიან, დაუნაწევრებელ პიროვნებად, რ-მაც მძაფრად განიცადა სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. „გოდებაში“ (1974), რ-იც დ. გურამიშვილს მიეძღვნა, ისტ. მოვლენათა ანალიზის, „დავითიანის“ მხატვრული გააზრების საფუძველზე ერთგვარად გაცოცხლებულია ისტ. სინამდვილე, რ-შიც მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა ბედუკუღმართ შემოქმედს. მ-ის ნაწერებს ახასიათებს ესეისტური სტილი, თამამი აზრი და უშუალობა.

მ-მ ინგლისურიდან თარგმნა ტ. მ. რიდის „უთავო მხედარი“ და „თეთრი ბელადი“, ჯ. გოლზუორთის „ფორსაიტების საგის“ I წიგნი „მესაკუთრე“, ა. კ. დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“, ტ. თ. მელორის „ართურის სიკვდილი“ და სხვ. მისი „გრიგოლ ორბელიანი“ თარგმნილია რუს., ხოლო „გოდება“ – რუს. და უკრ. ენებზე.

მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997) და ი. ჭავჭავაძის სახ. პრემია (1997).

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: სრბოლა ცხოვრებისა, თბ., 1976; გულითა მართლით ab imo pectore, თბ., 1977; რად, სოფელო..., თბ., 1984; ორი რომანი, თბ., 1984; მუხრან მაჭავარიანი, თბ., 1985; საკურთხეველთან, თბ., 1986; მოძღვარი, თბ., 1987; გრიგოლ ორბელიანი (ბიოგრ. რომანი); წერილები, თბ., 1989; გამოც. მე-2, თბ., 2011.

ლიტ.: ელგუჯა სამუელის ძე მაღრაძე, ქუთ., 1977; ნაცარაშვილი ო., კახეთის გამოჩენილი ადამიანები, თბ., 2001.