მაღულარია გივი ნოეს ძე (20.V. 1926, თბილისი, – 20. IV. 1995, იქვე), მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (1945–48). სტალინური პოლიტიკის კრიტიკის გამო 22 წლისა დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს (1948). რვა წელი დაყო სპეც. ბანაკში. რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში (1956). იმავე წელს სწავლა განაგრძო თსუ-ში, რ-იც 1959 დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ის ჟურნალისტიკის კათედრაზე, შემდგომ – პრორექტორის თანაშემწედ სამეცნ. დარგში, ჟურნ. „ხელოვნებაში'' თეატრის განყ-ბის გამგედ.
მ-მ ლიტ. მოღვაწეობა 1966-იდან დაიწყო, როდესაც მისი პირველი წერილი „ჰაინრიხ ბიოლი'' ჟურნ. „ცისკარში'' დაიბეჭდა. პირველი მოთხრობა 1968 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი, ისტ. მოთხრობათა კრებ. „მეამბოხენი'' – 1973. მასვე ეკუთვნის მითოლ. რომანი „ცეცხლი ცისა და მიწისა'' (1975); მოთხრობები: „და განიყვნეს სამოსელი მისი'' (1970), „ძაფზე ჩამოკიდებული ფიფქები'' (1977), „დესპანი'' (1979), „ომარ ხაიამი'' (1977) და სხვ. თარგმნა ძვ. ეგვიპტური მითები, ფრანგ მწერალთა მოთხრობები და სხვ. მოთხრობისათვის „ბედი არ გინდა?!'' მიენიჭა საქართვ. მწერალთა კავშირის პრემია (1992).
თხზ.: მოთხრობები, თბ., 1980; დაღამება ამა სოფლისა, თბ., 1982; ლიტერატურული პორტრეტები, თბ., 1982; ვიღას შეაფაროს მიწამ თავი, თბ., 1988; უკუქცევა, თბ., 1996.