მაყაშვილები

მაყაშვილები, კახეთის სამეფოს ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო. იოანე ბატონიშვილი მ-ის წინაპრებს იტალიიდან (გენუიდან) გამოსულებად მიიჩნევს. ლეგენდის მიხედვით ისინი ყირიმში ვაჭრობდნენ. დაღესტანში დასახლებული მათი ერთ-ერთი წინაპარი, რ-საც იქ ჩოლაღა უწოდეს, 1320 დარუბანდის გზით საქართველოში ჩამოვიდა. გიორგი V-მ (1318–46) თავადობასთან ერთად უბოძა თავად ირუბაქის ძის მამულები კახეთში, ახმეტა, თიანეთის ნაწილი და მისცა გვარი ჩოლოყაშვილი. თავადი მ-იც იმავე ჩოლაღას შთამომავლები არიან და ფლობდნენ ირუბაქის ძისავე მამულებს. ვახუშტის ცნობით, „ხოლო კახეთს ჩოლაყაშვილი და მაყასშვილი იტყჳან ირუფაქიძობას“.

პირველი ცნობები მ-ის შესახებ ისტორიულ წყაროებში XIV ს. II ნახ-ში გვხვდება – გიორგი VII-მ (1393–1407) გუგუნა მაყაშვილს მამული უბოძა სოფ. ბოტკოში. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის XV ს. ერთ-ერთ აღაპში მოხსენიებულია მაყა და ჩოლოყა, რ-ებიც მ-სა და ჩოლოყაშვილების წინაპრები იყვნენ.

მ-ის სათავადო XV ს. II ნახ-ში წარმოიშვა. მოიცავდა სოფლებს – იყალთოსა და რუისპირს. მათი რეზიდენცია იყო სოფ. იყალთოში, სადაც ჰქონდათ სასახლე, საგვარეულო ციხე და კარის ეკლესია საგვარეულო სამარხით. XV–XVI სს. ისტ. საბუთებში გვხვდება ამ გვარის შემდეგი წარმომადგენლები: ზაალი, ინდო, მაყა და მისი ვაჟი გივი; ბარძიმ, ბოცო, ზაალი და მამუკა (ძმები); მაყა და მინაზარი, გოშფარი და გუგუნა (ძმები); მამუკა.

XVII–XVIII სს-ში მ-ს კახეთის სამეფოში მაღალი საერო და საეკლ. თანამდებობები ეკავათ – ლუარსაბ მაყაშვილი მეჯინიბეთუხუცესი იყო, მისი ვაჟი აბელი თეიმურაზ I-ის დროს – სარდალი, ხოლო მეორე, ზაქარია – ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (1637–54). ასევე მ-ის გვარიდან იყვნენ ეპისკოპოსები: რუსთველი (1626) და სამებელი (1670–96); ბოდბელი მიტროპოლიტი ომან მაყაშვილის ძე იოანე (XVIII–XIX სს. მიჯნა); XVIII ს. დასაწყისში ბოქაულთუხუცესი გიორგი (გურგენ) მაყაშვილი ერეკლე I-ს (1688–1709) ახლდა ირანში; 1720 წ. 15 ივლისს კახეთის მეფე დავით II-მ (1703–22) მაყა მაყაშვილსა და მის ძმას, პაატას უშვილოდ დაღუპული წინაპრის, მინაზარ მაყაშვილის სამკვიდრო მამულების სიგელი გადასცა; XVIII ს. შუა ხანების ცნობილი დიპლომატი იყო სიმონ მაყაშვილი. ერეკლე II-ის კარზე მ-ს სხვადასხვა თანამდებობა ეკავათ: გიორგი მაყაშვილი იყო ბოქაულთუხუცესი, დავითი – მუხროვანის მოურავი, ლუარსაბ და როსებ მ. სხვადასხვა დროს მინბაშის თანამდებობას იკავებდნენ. ერეკლე II-ს აზატ ხანთან ბრძოლაში ახლდა ლუარსაბ მაყაშვილი, მან და მანუჩარ თუმანიშვილმა 1774 ერეკლე II-ის ბრძანებით შეადგინეს არაგვის ხეობის სტატისტიკური აღწერა. ერეკლე II-მ რევაზ მაყაშვილს, მის შვილ სულხანს და ძმისშვილ გიორგის ერთგული სამსახურისთვის 1748 წ. 16 მარტს უბოძა მამულები და გლეხები. თავადი ზაქარია მაყაშვილი დაესწრო ერეკლე II-ის დაკრძალვას. გიორგი XII-ის დროს ალექსანდრე მაყაშვილი სახლთუხუცესი და თელავის მოურავი იყო. მას ძმებთან, დავითთან და დიმიტრისთან ერთად რუსეთისა და სპარსეთის სამეფო კარზე ელჩობისა და ეშიკაღასბაშის თანამდებობის სიგელი მიენიჭა (1800). ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების (1801) შემდეგ მ-ის სათავადოც გაუქმდა. არსენი და ომან (რომან) მ. მონაწილეობდნენ 1812 კახეთის აჯანყებაში. დღეს მ-ის შთამომავლები ცხოვრობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; იოანე ბაგრატიონი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, თბ., 1997; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965, ტ. 6, თბ.,1977; ტ., 8, თბ., 1985.

ლიტ.: Чиковани Ю., Знатные роды Царства Грузинского. Четвертая книга серии. Князья Макашвили. Князья Чичуа (Генеалогическое исследование), Тб., 2006.

ი. ჩიქოვანი