მაყაშვილი ელიზბარ გიორგის ძე

მაყაშვილი ელიზბარ გიორგის ძე (26. V. 1904, სოფ. იყალთო, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 8. VI. 1991, კალვისონი, საფრანგეთი), პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე (1921–24). 1922–24 იყო ქ. ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრი, 1922 ხევსურეთისა და 1924 აგვ. საერთო-ეროვნ. (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924) აჯანყებების მონაწილე. 1924 ბოლოს ქ. ჩოლოყაშვილთან და სხვა შეფიცულებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. 1927-მდე ცხოვრობდა თურქეთში, ხოლო შემდეგ – საფრანგეთში. იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს (პარიზი) წევრი. მონაწილეობდა ქართ. ეროვნ. პოლიტ. ორგანიზაციის, „თეთრი გიორგის“ მუშაობაში. 1940–45 თანამშრომლობდა ქართ. სამოკავშირეო შტაბთან (ბერლინი). 1941–45 იყო ვერმახტის „ქართული ლეგიონის“ (მეთაური გენ. შ. მაღლაკელიძე) ოფიცერი. 1945 დაბრუნდა საფრანგეთში. მ-ს ნარკვევები, პუბლიც. წერილები და მოგონებები გამოქვეყნებულია ქართ. ემიგრ. გამოცემებში: „სამშობლო“, „კავკასიონი“, „თავისუფლების ტრიბუნა“, „გუშაგი“ და სხვ.

ლიტ.: საყვარელიძე ვ., ელიზბარ მაყაშვილის დაუვიწყარ ხსოვნას, „გუშაგი“, პარიზი, 1992, №28.

ლ. ურუშაძე