„მაყრული“, მამაკაცთა მრავალხმიანი ხალხური საქორწილო სიმღერა. საქორწილო წეს-ჩვეულებების თანმხლებ სიმღერათა კრებითი სახელი. მ. სრულდებოდა ეკლესიიდან სიძის სახლამდე მიმავალ გზაზე. ა. ჯამბაკურ-ორბელიანის გადმოცემით, „მეფე-დედოფალს ეკლესიიდან ჯვარდაწერილებს რომ გამოიყვანდნენ, მომღერალნი მაყრულის სიმღერით წამოუძღვებოდნენ მექორწილეებს და სახლში შემოიყვანდნენ მღერით. იქ მხიარული ლხინი უნდა გამართულიყო სხვადასხვა სოფლურის სიმღერებით და ღიღინით“. მ. ქორწილის დაწყებისა და დასრულების მაუწყებელიცაა. „მ-ის“ ლექს-სიმღერები გვიხასიათებენ ქორწილის ჩვეულებას, გადმოგვცემენ ქალ-ვაჟისა და მათი მშობლების განცდებს, აქებენ და ადიდებენ შეუღლებულებს, უსურვებენ მათ გამრავლებასა და ბედნიერებას. ერთ-ერთი ტიპური „მ.“ სიმღერაა: „მოვდივართ, მოგვიხარია, მოგვყავს დედალი ხოხობი“. მ-თვის დამახასიათებელია მხიარული განწყობა, მხნე, ვაჟკაცური შესრულება.
ლიტ.: თეიმურაზ მეორე, დღისა და ღამის გაბაასება, წგ.: ქართული პოეზია, ტ. 5, თბ., 1976; მაჩაბელი ნ., ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, თბ., 1978; ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, ტ.1, თბ., 1960; ჯამბაკურ-ორბელიანი ალ., ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი, „ცისკარი“, 1851, №1.
გ. ბარნოვი.