მაჩაბელა

მაჩაბელა (გ. 11. IX. 1795), ქართული კულტურის მოღვაწე XVIII ს. II ნახევარში. მ-ს ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია (მ., ანუ აჩაბეთელი, ზედწოდებაა). თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, მ. ქართველი იყო, დაბალი სოც. ფენის წარმომადგენელი. თავისი უბადლო ოსტატობით სამეფო კარზე ცნობილი პიროვნება გახდა და მას თბილ. თეატრის „მსახიობთა უფროსობა“ (დასის ხელმძღვანელობა) მიანდეს. 1795 წ. 11 სექტემბერს, როცა კრწანისის ბრძოლის დროს ქართველთა ლაშქარი დამარცხების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თბილისის მცხოვრებლებმა შეიარაღებული რაზმი შექმნეს, რ-საც სათავეში მ. ჩაუდგა, იგი დაირაზე სალხინო ჰანგის – „შადიანის“ დაკვრითა და სიმღერით გაუძღვა წინ თბილისელთა, ქიზიყელთა და არაგველთა (300 არაგველი) რაზმს. მ. ბრძოლის დროს გმირულად დაიღუპა.

ლიტ.: თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია, თ. ენუქიძის გამოც., თბ., 1972; პეტრიაშვილი თ., კრწანისის ბრძოლა, თბ., 2016; რუხაძე ტ., ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, თბ., 1949; ცინცაძე ი., აღა-მაჰმად- ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1963.

ქ. ჩხატარაიშვილი