მაჩაბელი გიორგი ვასილის ძე [27. VII. 1885, სოფ. თამარაშენი, გორის მაზრა (ახლანდ. ქურთის მუნიციპალიტეტი), – 31. III. 1935, ნიუ-იორკი, აშშ], პოლიტიკოსი, დიპლომატი, ბიზნესმენი, პარფიუმერი, ვ. გ. მაჩაბლის შვილი. დაამთავრა თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ – ბერლინის სამთო აკადემიის გეოლ. ფაკ-ტი. 1914 გერმ. პოლიტ. წრეების თანადგომით პ. სურგულაძესთან, მ. წერეთელსა და სხვებთან ერთად ბერლინში დააფუძნა ,,საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი“, რ-მაც გერმ. მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით მიიღო გარანტიები, რომ თუ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაძლებლობა მიეცემოდა, ბერლინი ოფიციალურად ცნობდა მის სუვერენობას. კომიტეტმა გერმ. დაფინანსებით ოსმალეთის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა სამხ. დანაყოფი – „ქართული ლეგიონი“, ქართვ. ტყვეებისთვის დააარსა, თავდაპირველად ხელნაწერი გაზ. „კავკასია“, შემდეგ კი ბერლინში გამოსცა „ქართული გაზეთი“. კომიტეტის დავალებით მ. რამდენჯერმე ფარულად ჩამოვიდა საქართველოში. მისი უშუალო მონაწილეობით თბილისში დაარსდა განთავისუფლების კომიტეტის ფილიალი, რ-ის წევრებიც იყვნენ დ. ვაჩნაძე, ს. კედია, რ. გაბაშვილი, შ. ქარუმიძე. მათი ძალისხმევით საქართველოში გერმ. იარაღი და ფული შემოიტანეს. 1918 ივნისში მ. იყო საქართვ. დემოკრ. რესპ. ოფიც. დელეგაციის წევრი, რ-იც ბერლინში გერმ. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.
1921 მ. იტალიაში დიპლომ. მისიით მიავლინეს. თავდაპირველად იყო საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის წარმომადგენლობის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ – ლეგაციის მრჩეველი. 1923 წ. ბოლოს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და 1926 პარფიუმერული კომპანია ,,პრინცი მაჩაბელი“ (,,Prince Matchabelli Parfume Company“) დააარსა. მის მიერ დამზადებული პირველი სუნამო იყო ,,საქართველოს დედოფალი“, რ-ის ფლაკონის გასაფორმებლად გამოიყენა მაჩაბელთა საგვარეულო გერბზე გამოსახული ოქროსვარაყიანი გვირგვინი, რაც მისი საფირმო ნიშანი გახდა. თავდაპირველად სუნამოს ფლაკონებს გერმ. ფაიფურისაგან ამზადებდნენ, შემდეგ კი ისინი გამჭვირვალე მინის ფლაკონებით ჩაანაცვლეს, რ-ებიც აშშ-ში მოღვაწე ქართვ. მეწარმის, ჯორჯ კობის (გ. კობახიძე) მინის კომპანიაში მზადდებოდა. კომპანია აწარმოებდა ორ ათეულზე მეტი სახეობის სუნამოს, მ. შ. განსაკუთრებით პოპულარული იყო მისი მეუღლის – მსახიობ ნორინა ჯილისადმი მიძღვნილი „პრინცესა ნორინა“. კომპანიამ ასევე სპეც. სუნამოები მიუძღვნა რუმინეთის დედოფალ მარიას, აშშ-ის პირველ ლედის, პრეზიდენტ ფ. რუზველტის მეუღლეს, ელეონორა რუზველტსა და სხვ. ,,პრინცი მაჩაბლის“ წარმოებამ გაუძლო XX ს. 30-იანი წლების დიდ დეპრესიას და მალე ერთ-ერთ მსხვილ კომპანიად ჩამოყალიბდა. მას თავისი საფირმო მაღაზიები ჰქონდა გახსნილი ევრ. სხვადასხვა ქალაქში.
1933 მ. აირჩიეს პარიზში დაფუძნებულ საქართვ. თავადაზნაურთა კავშირის კომიტეტის თავ-რედ. 1933–34 სათავეში ედგა აშშ-ში ქართ. სათვისტომოს, ეწეოდა ქველმოქმედებას.
მ. საქართვ. განთავისუფლების კომიტეტის მიერ დაჯილდოებულია ,,თამარ მეფის“ ორდენით.
მ. დაკრძალულია ლონგ-აილენდის მაუნთ-ოლივეტის სასაფლაოზე (აშშ).
2009 თბილისში დაარსდა მ-ის სახ. ფონდი (პრეზიდენტი ო. ჯანელიძე), რ-ის მიზანია მ-ის და, ზოგადად, ქართ. ემიგრანტული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია. 2013-იდან ფონდი გ. რობაქიძის სახ. უნ-ტის ქართ. ემიგრაციისა და გეოგრაფიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტთან ერთად გამოსცემს სამეცნ. ჟურნ. „ქართული ემიგრაცია“.
ლიტ.: დაუშვილი რ., გიორგი მაჩაბელი სუნამოების პრინცი, „ისტორიანი“, 2011, №2; დაუშვილი რ., ჯანელიძე ო., გიორგი მაჩაბელი, თბ., 2019 (ქართ. და ინგლ. ენებზე).
ო. ჯანელიძე