მაჩაბელი დავით ბარძიმის ძე (1814, სოფ. თამარაშენი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 1873, იქვე), მომღერალი, მსახიობი, პოეტი. სწავლობდა თბილ. კლასიკურ გიმნაზიაში, მეგობრობდა ნ. ბარათაშვილთან და მ. თუმანიშვილთან. იყო ერთ-ერთი ინიციატორი ხელნაწერ ჟურნ. ,,თბილისის გიმნაზიის ყვავილისა“ და ხელნაწერი ანთოლოგიის გამოცემისა. დაუახლოვდა ქართვ. თავად-აზნაურთა 1832 შეთქმულების მონაწილეებს, რ-თა სულისკვეთება გამოხატა ალეგორიული შინაარსის თავის პირველ გამოქვეყნებულ ლექსში „თოვლი“ („სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, 1832). გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1835) მოხელედ დაიწყო მუშაობა თბილ. მთ. სამმართველოში, შემდეგ სამხ. სამსახურში იყო. 1839-იდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თამარაშენში. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ. „ცისკართან“. მის პოეზიაში ძირითადია პატრიოტული („ქართლოს“, ისტ. პოემა „მთიული“) და სატრფიალო („ვარდი“, „ლოცვა ტრფიალისა“, „ჩემს მინერვას“) მოტივები; მ-მა ამაგი დასდო ქართ. მუს. შემოქმედების შესწავლას. წერილში „ქართველთა ზნეობანი, გალობა“(„ცისკარი“, 1864, №5) განიხილა ქართ. გალობის ფუძემდებლური საკითხები, გალობის ექვსხმიანობის საკითხი, მრავალხმიანი გუნდის შემადგენელი ხმები, მათი ფუნქციები და როლი საგალობლის განვითარებაში.
ლიტ.: ალანია ნ., დავით მაჩაბელი, წგ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 3, თბ., 1969; ბახტაძე ი., დ. მაჩაბლის მუსიკალური ესთეტიკა, „საბჭოთა ხელოვნება“, 1978, №3; კობალაძე მ., დავით მაჩაბლის ენის დახასიათებისათვის, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“, 1989, ტ. 293; მახარაძე ა., ქართული რომანტიზმი, თბ., 1960; ნანიტაშვილი ლ., ჟურნალ „ცისკრის“ პოეტები, თბ., 1967; ღაღანიძე მ., ჩუმი პოეტი წგ.: ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე, თბ., 2010; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.
ს. მეტრეველი