მაჩაბელი მარიამ (მაკა) ელიზბარის ასული (23. IX. 1892, სოფ. ქვემო ხვითი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 23. IX. 1967, თბილისი), თერაპევტი. მედ. მეცნ. კანდიდატი (1937), საქართვ. დამს. ექიმი (1960), ერთ-ერთი პირველი ქართველ ქალთა შორის, რ-მაც უმაღლესი სამედ. განათლება რუსეთში მიიღო. 1912–17 სწავლობდა ხარკოვის სამედ. ინ-ტში. მისი დამთავრების შემდეგ დაინიშნა ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ორდინატორად. 1918 დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობა დაიწყო მშობლიურ სოფელში, სადაც იბრძოდა „ისპანკით“ და პარტახტიანი ტიფით დაავადებულთა გადასარჩენად. 1919–26 იყო თბილ. სახელმწ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის თერაპიული კლინიკის ორდინატორი. 1926 პროფ. ნ. მახვილაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საქართვ. პროფპათოლოგიური სამსახური. მათი ინიციატივით შეიქმნა ნ. მახვილაძის სახ. შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (2000-იდან – ნ. მახვილაძის სახ. შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად ექიმთა დახელოვნების ინ-ტში კითხულობდა ლექციებს პროფპათოლოგიის დარგში (1938– 48).
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ეხება პროფდაავადებების პრობლემებს. მისი უმთავრესი სამეცნ. აღმოჩენა იყო (1951) ექსპერიმენტსა და პრაქტიკაში დადგენილი და აღწერილი მანგანუმისმიერი პნევმოკონიოზი (მანგანოკონიოზი).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი (1954).