მაჩაბლები, ფეოდალური საგვარეულო ქართლში, მსხვილი სათავადოს – სამაჩაბლოს მფლობელები. სამეცნ. ლიტ-რაში გამოთქმული მოსაზრება მ-ის ანჩაბაძეთაგან წარმომავლობის შესახებ არ უნდა იყოს სწორი. სხვა თვალსაზრისით, მ-თა წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ აზნაური თავხელისძენი. გვარი მ. წარმოშობილია სახელი მაჩაბელისაგან, რ-იც მომდინარეობს აჩაბეთიდან (სოფელი ლიახვის ხეობაში). მ-ის დაწინაურება XV ს-იდან დაიწყო. შემდეგ გვარი თავადურ სახლებად დაიყო: ზაალიშვილებად, გიორგიშვილებად, რევაზიშვილებად, ბორტიშვილებად. ზაალიშვილები ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადები იყვნენ, ხოლო სხვები – მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. მ-ის ერთი შტო ახალციხეში გადასულა. მ. ქართლის სამეფოს თვალსაჩინო პოლიტ., სამხ. და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. მათ მოლარეთუხუცესის, უზბაშის, მინბაშისა და სხვ. თანამდებობები ეკავათ. მ-თა სათავადო ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა და ამილახვრებს ექვემდებარებოდა.
წყარო: ბაგრატიონი ი., შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, თბ., 1997; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ანდღულაძე ნ., თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976; ლეონიძე გ., ივანე მაჩაბელი, „მნათობი“, 1924, №2, 3; ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, [ტ.] 2, თბ., 1952; სოსიაშვილი გ., პატარა ლიახვის ხეობა და ზემო ქართლის სადროშო, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, XVIII, 2022, [ტ.] 18; Князья Царства Грузинского წგ: Дворянские роды Российской империи, т. 4, М., 1998.
ჯ. გვასალია