მაჩიტა

საოცარი მაჩიტა

მაჩიტა (Campanula), მცენარეთა გვარი მაჩიტასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- ან ერთწლოვანი ბალახებია. 300-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში, ნაწილობრივ – არქტიკაში, უმთავრესად კი ევრაზიის დას. ნაწილის მთებში. კავკასია მ-ს სახეობრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი კერაა. აქ გავრცელებული 110-ზე მეტი სახეობიდან 76 ენდემია.

ხარაძის მაჩიტა

საქართველოში იზრდება 67 სახეობა, მათგან 24 საქართველოს ენდემია. სახეობათა დიდი ნაწილი რელიქტურია. მნიშვნელოვანი რელიქტური ენდემებია საოცარი მ. (C. mirabilis), პარადოქსული მ. (C. paradoxa), ენგურის მ. (C. engurensis), კახური მ. (C. kachetica), ხარაძის მ. (C. charadzeae) და სხვ. მ. კავკასიასა და საქართველოში იზრდება ალპ. ხალებსა და მდელოებზე, სუბალპ. მაღალბალახეულობა-ში, ბუჩქნარებსა და ტყეებში, მცირე რაოდენობით – მთის შუა სარტყლის კლდეებსა და ქვიან ფერდობებზე, თითო-ოროლა სახეობა – ბარშიც.

მ-ს მრავალი სახეობა დეკორატიულია, ხშირად იყენებენ ალპინარიუმებისათვის, ზოგი ხალხურ მედიცინაში იხმარება, რამდენიმე კი სარეველაა.

მ. სახოკია