მაჩუბი

მაჩუბი, ბაჩუბ, მაჩვიბ, ძველი სვანური სახლის (ქორ) ქვედა სართული, ოჯახის ზამთრის საცხოვრებელი. მისი თავისებურებაა ის, რომ აქ ადამიანებიც ცხოვრობენ და საქონელიც დგას. უსარკმლო ოთახი სწორკუთხაა (ფართ. საშ. 120 მ²), იატაკი – მიწისაა. შუაში, ჩვეულებისამებრ, კერაა, რ-იც საცხოვრებლის ცენტრს წარმოადგენს. მ-ში შესასვლელი წაგრძელებული დერეფნიდანაა (ჰაგამ), რ-იც სახლზე გარედან არის მიშენებული. იგი მეტწილად ქვიტკირისაა, თუმცა ზოგჯერ მორებისგანაც აგებდნენ. მისი დანიშნულება, ძირითადად, მ-ში სითბოს შენარჩუნებაა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მას ძველად საბრძოლო-თავდაცვითი და სამეურნეო ფუნქციაც ჰქონდა. დერეფნიდან მ-ში შესული კაცი პირველად ხვდება მცირე ტალანში (ბაგ), ხის მორებით ან სქელი ფიცრებით გამოყოფილ მცირე ოთახში (ფართ. დაახლ. 9–10 მ), სადაც დგას ხის კიბე მ-იდან მეორე სართულზე ასასვლელად. ამისათვის ოთახის ჭერში დატანებულია ასაძვრომი (ჰულდუმ), რ-საც კვამლის გასაშვებადაც იყენებდნენ, თუმცა ზოგ სახლში ორ-ორი ჰულდუმია (ერთი საკვამურია და მეორე – ასასვლელი). ბაგს ორი კარი აქვს მ-სა და საქონლის სადგომში გასასვლელად. ზოგჯერ – მესამე კარიც, რ-იც სახლზე გარედან მიშენებულ ბეღელში გადის. მ-ში საქონლის სადგომები გამოყოფილია ადამიანთა საცხოვრისიდან და თანმიმდევრულადაა განლაგებული სამი კედლის გასწვრივ. მათგან ერთი – ხარების, მეორე – ძროხების, მესამე კი ცხვრების სადგომია. ხარების სადგომი (ლახან) ორგვარი ყოფილა: წინა მხრიდან დახურული და ღია. ლახანი წინიდან ამოშენებულია სქელი ფიცრის ტიხრით, რ-საც გაკეთებული აქვს საქონლის თავის გამოსაყოფი. ტიხრის წინ, მთელ სიგრძეზე ბაგაა. ამგვარი მ. არა მარტო ფუნქციურად, არამედ მხატვრულ-ხუროთმოძღვრულადაც უფრო განვითარებული და ჩამოყალიბებულია: ოთახი ფუნქციურად მკვეთრადაა გამიჯნული გომურისგან, რ-ის ტიხრები შემკულია ხეში ამოჭდობილი ორნამენტებით (გეომეტრიული, ზოომორფული და სხვ.). გარკვეულ დღეებში ტიხრებზე ხატავდნენ მაგიურ ფიგურებს, რ-ებშიც ცხოველთა გამოსახულებები ჭარბობდა. ზოგჯერ საქონლის სადგომები ორ დონეზეა გამართული: ქვემოთ – მსხვილფეხა, მის თავზე – წვრილფეხა საქონლისთვის. კოშკიანი სახლის მ-ს, ციხე-სახლის მ-ისგან განსხვავებით, ყოველთვის აქვს ხისავე ბრტყელი, მასიური ხის კოჭებიანი ჭერი. თვალსაჩინო ელემენტია ხისავე აყარი (ჭერზე შეკიდული სახურავი კერიისათვის), რ-იც კერას იცავს ჭერიდან ჩამოცვენილი მტვრისგან, ჭერს კი – ნაპერწკლისაგან. აყარზე ჩამოკიდებულია საკიდელი და სასანთლე, ასევე პურის ცხობისათვის საჭირო იარაღი. ინტერიერში ხის ფაქტურა ბატონობს. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს მთიანი საქართველოსთვის დამახასიათებელი მასიური, მკვიდრად შეკრული, სწორკუთხოვანი ხის ავეჯი, ზურგიანი და გრძელი სკამები, გეომეტრიული ფიგურებით შემკული სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნივთები. ყოველ მათგანს გარკვეული ადგილი აქვს მიჩენილი. მ-ის აღმ. კუთხეში მიშენებულია ხის მარანი საარყე ჭურჭლის შესანახად.

მ. იყო საოჯახო კულტის ცენტრიც, სადაც კერასთან და სალოცავ სარკმელთან დღეობებსა და უქმე დღეებში რელიგიურ წეს-ჩვეულებებს ასრულებდნენ.

ლიტ.: ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953; ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983; საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი. მასალები: საქართველოს მთური საცხოვრებელი ნაგებობანი, თბ., 1986; ჩართოლანი მ., ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1961; Джандиери М. И., Лежава Г. И., Архитектура горных районов Грузии, М., 1940; მათივე, Архитектура Сванетии, М., 1938.

ვ. ბერიძე

მ. ჩართოლანი