მაჩხანი

მაჩხანი, ხუროთმოძღვრული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს დიღმის ხეობის სათავეებში, სოფ. წოდორეთის მახლობლად. აგებულია IX ს. შუა ხანებში. ეკლესია დარბაზულია (7,4 მ × 4,6 მ), ნაგებია თლილი ქვით. გარედან შემოსილია შირიმის ქვით. შესასვლელი სამხრ-იდანაა. აღმ-ით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რ-ის ორივე მხარეს თითო ვიწრო და ღრმა ნიშაა. ერთი სარკმელი სამხრ-ის კედელშია. ცილინდრული კამარა კაპიტელებიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. სამხრ-ის ფასადზე ჯვრებია გამოსახული, ხოლო კარის არქიტრავის ქვაზე ქართ. ასომთავრულით შესრულებული სამშ. წარწერაა, რ-შიც ჩართულია არაბ. ტექსტი. ორივე ტექსტის მიხედვით ეკლესია აუგია ჰომად კიტრისძეს. აღმ-ის ფასადზე, სარკმლის მარჯვნივ, არის კიდევ ერთი წარწერა [„სახელითა ღმრთისაითა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაითა შეწევნითა წმიდისა თევდორესითა აეშენა საყდარი ესე დიდგორის ხევისუფლობასა გელსაბისაი (გულსაბისა) ქალაქისა უფლობასა ამირაისა დიავარისა იოვანეს უფალო შეუნდვენ ამინ“]. ეკლესიას შემოვლებული აქვს თაღების მწკრივით მორთული ქვის ლავგარდანი.

ეკლესიის ირგვლივ ფეოდ. ხანის ნასოფლარია, რ-იც ამჟამად ტყით არის დაფარული. შემორჩენილია ქვის შენობებისა და კლდეში სამალავი ქვაბის ნაშთები.

ლიტ.: ბარნაველი თ., მაჩხაანის ეკლესიის წარწერები, „საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე“, 1962, ტ. 29, №5; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ]. 5, თბ., 1990; Чубинашвили Г. Н., Вопросы истории искусcва. Исследования и заметки, т. 1, Тб., 1970; Шмерлинг Р. О., Долидзе В. О., Барнавели Г. В., Окрестности Тилиси, Тб., 1960.

ჯ. გვასალია

პ. ზაქარაია