მაჭავარიანი გივი ირაკლის ძე (5. XII. 1927, თბილისი, – 27. VIII. 1968, სეგედი, უნგრეთი), ენათმეცნიერი, ქართველოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1967). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ბა (1950). 1955–68 იყო კავკ. ენების კათედრის დოცენტი, შემდეგ – ზოგადი ენათმეცნ. კათედრის პროფ. და საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი. მ-ის სამეცნ. კვლევები ძირითადად ეხება იბერიულ-კავკ. ენების სტრუქტურისა და ისტ. საკითხებს, აგრეთვე – ზოგადი ენათმეცნ. პრობლემატიკას. ავტორია ფუნდამენტური მონოგრაფიებისა: „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (თ. გამყრელიძესთან ერთად; 1965) და „საერთო-ქართველური კონსონანტური სისტემა“ (1965), რ-ებმაც მ-ს საყოველთაო აღიარება მოუტანა.
დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკა (ლექციების კურსი), თბ., 2002.
ლიტ.: ბოედერი ვ., ფენრიხი ჰ., გივი მაჭავარიანი 90, წგ.: ენათმეცნიერების საკითხები, თბ., 2017; ბოტკოველი ნ., ქართული გრამატიკული აზრის განვითარება: გივი მაჭავარიანი, იქვე; გიგინეიშვილი ბ., გივი მაჭავარიანი და ლინგვისტური მეცნიერება, „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში", 1978, №2; სარჯველაძე ზ., მაჭავარიანი გივი, ენციკლოპედია ქართული ენა, თბ., 2008.