მაჭავარიანი ელენე მიხეილის ასული (დ. 8. IV. 1931, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე, დამწერლობათმცოდნე, კალიგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1987), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1954). 1958-იდან მუშაობა დაიწყო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტში (ახლანდ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი), 2009-იდან იქვე იყო ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი, 1973–2004 – სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის პედაგოგი, 2000-იდან დღემდე კითხულობს ლექციებს სას. აკად. ქრისტ. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ-ტზე.
მ-ის კვლევის სფეროა ქართ. დამწერლობის საფუძვლები, ქართ. ანბანის გრაფიკული წარმომავლობა-განვითარება, შუა საუკუნეების ხელნაწერი ტექსტების მხატვრული გაფორმება, ასლების გადაღება ორნამენტებიდან, მინიატიურებიდან, ძვ. დამწერლობის ტექსტებიდან. იგი არის ქართ.-ბიზანტ., ქართ.-სომხ. ხელოვნებისა და ქართ.-ებრაული ურთიერთობისადმი მიძღვნილი საერთაშ. კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მონაწილე. 2010-იდან მხატვარ-კალიგრაფისტთა კავშირის წევრია.
მ-ს ნაშრომთა ციკლისათვის „ქართულ სამწიგნობრო ცენტრებში შექმნილ ხელნაწერთა მხატვრული მორთულობის საკითხები“ 2008 მიენიჭა საქართვ. ეროვნ. აკადემიის კ. კეკელიძის სახ. პრემია; 2017 – საპატრიარქოს სიგელი (ქართ. ქრისტ. კულტურის კვლევასა და ხელნაწერთმცოდნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის).
თხზ.: ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები, თბ., 1982; ქართული დამწერლობა, თბ., 2008; ქართული ხელნაწერები, თბ., 2012; მწიგნობრობაჲ ქართული, თბ., 2015; ოპიზის საოქრომჭედლო სახელოსნო, თბ., 2018; ქართული ანბანი ბავშვებისათვის, თბ., 2021.
ი. აბაშიძე