მაჭავარიანი ვახტანგ ალექსის ძე (დ. 18. II. 1951, თბილისი), კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საფორტეპიანო (1973, ე. გურევიჩის კლასი) და სადირიჟორო (1977, ო. დიმიტრიადის კლასი) ფაკ-ტები. სტაჟირება სადირიჟორო განხრით გაიარა მოსკოვში გ. როჟდესტვენსკისთან და ვენის მუს. აკადემიაში კ. ოსტერრაიხერთან, იმავდროულად იყო ვენის ოპერაში ლ. მააზელის ასისტენტი. 1984–90 თანამშრომლობდა სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრთან. იქვე იყო ა. მაჭავარიანის ბალეტ „ვეფხისტყაოსნის“ დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში მ. თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან. 1987 მ. იყო საქართვ. მუს. საზ-ბის კამერული ორკესტრის მთ. დირიჟორი (ორი სეზონი). 1990 დააფუძნა მარინისა და დიდი თეატრების, სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ფილარმონიების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართვ. და უკრაინის წამყვანი ორკესტრების 120 მუსიკოსისაგან შემდგარი საფესტივალო ორკესტრი, რ-ის მთ. დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავადვე იყო. მ. ასევე იყო ე. მიქელაძის სახ. საქართვ. სახელმწ. სიმფონიური ორკესტრის მთ. დირიჟორი (1996-იდან), სამხატვრო ხელმძღვანელი (1998–2004). მან რუსეთში დააარსა და ხელმძღვანელობდა (2000–08). დიდ სიმფ. ორკესტრ „მილენიუმს“. მისი ინიციატივითა და დირიჟორობით საქართველოში გაიმართა არაერთი პრემიერა, მ. შ. ჯ. ვერდის „ფალსტაფი“ (2002), რ. ვაგნერის „ტრისტანი და იზოლდა“ (2003), ა. მაჭავარიანის ოპერები – „ჰამლეტი“, „მედეა“ (2007; ყველა საკონცერტო შესრულება), სიუიტა ბალეტიდან „ჭირვეულის მორჯულება“ (2008), ბალეტი-პოემა „ფიროსმანი“ (2012), ს. პროკოფიევის VII საფორტეპიანო სონატის საორკესტრო ვერსია (2014), უ. ერკინის საცეკვაო რაფსოდია ორკესტრისათვის „კიოჩეკჩე“ (2016), ნ. კოდალის საორკესტრო სიუიტა „ტელი ტურნა“ (2016) და სხვ. მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად (იანვარში) იმართებოდა ი. შტრაუსის გალა-კონცერტი. 2010-იდან თანამშრომლობს თურქეთის საპრეზიდენტო და იზმირის სახელმწ. სიმფ. ორკესტრებთან. 2017 მას მიენიჭა ე. მიქელაძის სახ. ეროვნ. სიმფ. ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება. 2022 თბილისში კიევის „კამერატას“ 19-მა მუსიკოსმა ე. მიქელაძის სახ. სახელმწ. სიმფ. ორკესტრთან ერთად გამართა საქველმოქმედო კონცერტი. 2018-იდან მ. არის ლ. ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის („ღამის სერენადები“) მთ. დირიჟორი. მ-ის რეპერტუარშია ქართული და უცხოური სიმფონიური მუსიკა, საოპერო კლასიკა, მ. შ.: ა. მაჭავარიანის №1–7, ა. ბალანჩივაძის №1, ფ. ღლონტის №6 „Vita Nova“, ი. ჰაიდნის, ვ. ა. მოცარტის, ი. სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“, ლ. ვ. ბეთჰოვენის ი. ბრამსის, პ. ჩაიკოვსკის, დ. შოსტაკოვიჩის, გ. მალერის სიმფონიები და სხვ.
მ-ს ეკუთვნის არაერთი თხზულება, მ. შ. სიმფ. პოემა „ნაცარქექია“ (2010), საფორტეპიანო კონცერტინო (2011), სიმფონია №1 „სამყაროს ჰარმონია“ (2013), 10 სონეტი შექსპირის მიხედვით (2014), კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის (2015), „მარში“ საქართვ. შეიარაღებული ძალების ორკესტრისათვის, მიძღვნა ლ. ვ. ბეთჰოვენს, კომპოზიცია „შთაბეჭდილებები 2020“ (პრემიერა 2022); ოპერა „რიჩარდ III“ (I სცენის პრემიერა შედგა 2022), სიმფ. სურათი „მარიუპოლი“ მიუძღვნა 2022 უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. გამოცემულია მ-ის სადირიჟორო რეპერტუარის და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების გრამფირფიტები, კომპაქტდისკები. მ-ს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2011).